ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„სახელმწიფოს მხრიდან ზამთრის კურორტების განვითარების სტრატეგია უნდა შეიცვალოს და ხელახლა დაიწეროს “
07 თებერვალი, 2019

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რამდენიმე მილიონისა მთის კურორტებზე ისევ ბევრი პრობლემაა ამას ხელისუფლებაც აღიარებს და ექსპერტებიც ბევრს საუბრობენ.

ტურიზმის სპეციალისტები „კომერსანტთან“ მთავრ გამოწვევად სახელწმიფოს მხრიდან მთის კურორტებზე არსებული პრობლემების შესწავლას და მის ხელახლა დაგეგმვას ასახელებენ.

მათი აზრით, ევროპული სტანდარტების მისაღწევად საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. „კომერსანტთან“ საუბრისას ექსპერტები სახელწმიფო უწყებების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის არარსებობას კიდევ ერთ პრობლემად ასახელებენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ სახელმწიფოს მხრიდან მთის კურორტების განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე საუბრობს. სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ზამთრის კურორტების განვითარებისთვის დიდი ბუნებრივი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მისი ათვისება შესაბამისად ვერ ხდება. ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთის კურორტების ქაოტურ განვითარებას იმ შედეგამედ მივყავართ, რასაც დღეს ზამთრის კურორტებზე ვხვდებით.   

„ყოველწლიურად ქვეყანაში ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა ხდებოდეს. ფაქტია, რომ ტურისტების მოთხოვნა იზრდება და მათთვის მაქსიმალური კომფორტი მნიშვნელოვანია. თუმცა, ზამთრის სეზონს კურორტები კვლავ ელექტროენერგიის, წყლის ასევე საცობების და ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდებიან.

ამ ყველაფერს უსაფრთხოების ნორმების პრობლემებიც ერთვის, რაც გასულ წელს გუდაურში დავინახეთ. თუ ჩვენთვის ზამთრის ტურიზმი პრიორიტეტულია, არ შეიძლება ქვეყანა საბაგიროებზე მილიონებს ხარჯავდეს და მთის კურორტებზე ელექტროენერგიის პრობლემები იყოს,“ – განუცხადა „კომერსანტს“ მაია სიდამონიძემ.

მისივე თქმით, ყოველ წელს პრობლემები უცვლელი რჩება, რადგან სახელმწიფო არაკოორდინირებულად მუშაობს.

„სამთავრობო სტრუქტურებში მთის კურორტების ბიუჯეტის ხარჯვაზე არაკორდინირებული პროცესები მიმდინარეობს. საჭიროა მეტი კოორდინაცია, რათა ყველამ იცოდეს თანხას რომელი უწყება რაზე ხარჯავს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ერთ მიზანს მთის კურორტების განვთარებას მოემსახურება,“ – აღნიშნა სიდამონიძემ.  

„კომერსანტის“ კითხვაზე როგორ უნდა შეცვალოს სახელმწიფომ არსებული მდგომარეობა? – მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ „ძალიან ბევრი სამოქმედო გეგმა თაროზე დევს, სახელმწიფოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა გააჩნდეს, თუნდაც 5-10 პუნქტიანი, რასაც ეტაპობრივად მიჰყვებიან. ასე არ შეიძლება, ყოველი ახალი ხელმძღვანელის მოსვლით ან წასვლით პრიორიტეტები იცვლება.“

მთის კურორტებზე საუბრისას „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს რგოლი, რომელიც სამინისტროებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამჟამინდელი ქაოტური მდგომარეობა აღარ იქნება. ასევე თაბაგარის აზრით, უწყებების ხელმძღვანელები მსგავსი ინტენსივობით არ უნდა იცვლებოდნენ. ყველაზე დიდი პრობლემას „შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მთის კურორტების განვითარებისთვის სპეციალური გეგმის არარსებობაში ხედავს.

„ქაოსური არაგეგმიური მდგომარეობაა. ქართულ კურორტებს ისეთი რეპუტაცია არ აქვს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს.

ამ შემთხვევაში მეზობელი ქვეყნები არ იგულისხმება, ვისაც არსებული დაბალი ხარისხი აკმაყოფილებს, ევროპას ვგულისხმობ. თუმცა, ევროპული სტანდარტების შეცვლისთვის საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. მაგალითად, ტროტუარის არარსებობის გამო ტურისტები დაცულები უნდა იყვნენ და გზაზე მოსრიალებული მანქანის არ უნდა ეშინოდეთ,“ – აღნიშნა თაბაგარმა.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ია თაბაგარის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ზამთრის კურორტების განვითარების სტრატეგია უნდა შეიცვალოს და  ხელახლა დაიწეროს. გეგმა კი ევროპული გამოცდილების პროფესიონალების გუნდმა უნდა შეადგინოს.

მთის კურორტებზე ტურისტები გვსტუმრობენ იმიტომ, რომ საქართველოში დასვენება ევოპულ ქვეყნებთან შედარებით იაფია და ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. მათთვის დაბალი ხარისხი და ხარვეზი შემაწუხებელი არ არის. წლების განმავლობაში მთის კურორტების განვითარებისთვის რამდენიმე მილიონი იხარჯება, მაგრამ ამ ხარისიხით ევროპელ ტურისტებს მაინც ვერ მოვიზიდავთ.“ – აღნიშნა თაბაგარმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.