ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტების ზრდის მიუხედავად, რატომ არის დაბალი ფასები და დატვირთულობა სასტუმროებში?
11 ივლისი, 2022

ივნისში საქართველოში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენა მხოლოდ 53%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობის მხრივ, მიუხედავად კარგი სტატისტიკური მონაცემებისა, რეალობა არც ისე სახარბიელოა. მისი თქმით, მიზნობრივი ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია და ტურიზმის აღდგენა ძირითადად მეზობელი ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომლებიც ძირითადად ბინებს ქირაობენ ან ყიდულობენ და გრძელვადიანი დროით ჩერდებიან.

„ტურისტების ზრდა შეინიშნება იმის ხარჯზე, რომ ვიზიტორები გვყავს ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. უკრაინიდან ლტოლვილები არიან, რუსეთიდან და ბოლარუსიდან კი სანქციებს გამოქცეული ხალხი, რომლებიც აქ დროებით, რამდენიმე თვით ან სამუდამოდ საცხოვრებლად ჩამოვიდნენ, ისინი ან დიდი ხნით ქირაობენ ბინებს ან ყიდულობენ. სასტუმროებს კი, განსაკუთრებით თბილისში, დატვირთავა მცირე აქვთ და სეზონური ფასიც მნიშვნელოვნად დავარდნილია. ვფიქრობ, ასეთი ვითარება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. მოლოდინი რაც წლის დასაწყისში იყო, ომის გამო არ გამართლდა და ვითარება არც ისე სახარბიელოა. ომის დაწყების შემდეგ ევროპელებისგან საქართველოს სასტუმროებში ჯავშნების გაუქმების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ამის შედეგად თბილისის სასტუმროებში ყველაზე დაბალი დატვირთულობაა.

თუ ქვეყნების მიხედვით ჩავშლით და შევადარებთ წინა წლებს და არა ჯამურ მონაცემებს, დავინახავთ, რომ დივერსიფიცირებული ქვეყნები რაც გვყავდა წინა წლებში, მათგან ტურისტები რადიკალურად შემცრებულია, ამის მიზეზი ჯერ პანდემია იყო და შემდგომ ომი, რადგან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყანად მიიჩნევენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებას შევუწყოთ ხელი და არ ვიყოთ მხოლოდ რეგიონის ქვყნებზე დამოკიდებული. თუ დამოკიდებული გავხდით 2-3 ქვეყანაზე და ის მიმართულება რაც არჩეული გვქონდა და გულისხმობდა დივერსიფიცირებას დავივიწყეთ, ტურიზმის თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდებთ“, — ამბობს სიდამონიძე.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისის მონაცემების თანახმად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია. ზაფხულში სასტუმროების 85%-იანი დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.

PMCG-ს ბოლო კვლევით კი 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 255 ლარი. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათმა საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი მაისში 468 ლარი შეადგინა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.