"უცხოური ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გადაწყვეტილება სწორია"-ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა "კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურისტი ვერცერთ ქვეყანას სავალდებულო ავტოდაზღვევის გარეშე ვერ გადაკვეთს. მისი თქმით, აღნიშნული ნორმის ამოქმედება ქვეყანაში ტურისტების ნაკადების შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.
„ტურისტები ავტომობილებით ხშირ შემთხვევაში არ შემოდიან, მათი შემოდინების ძირითადი წყარო ავტომობილები არ არის. თუმცა, თუ გადავხედავთ მაგალითად, მეზობელი ქვყნების გამოცდილებას, თურქეთში, დაზღვევის გარეშე ვერ გადახვალ.ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ითხოვს ამას. აქ რაიმე ტიპის განსაკუთრებულ შემთხვევას ვერ ვხედავ."-აცხადებს მესხიშვილი.
კითხვაზე, უცხოური ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ხომ არ დააზარალებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ხომ არ შექმნის უხერხულობას, მესხიშვილი ასე პასუხობს. „მაინტერსებს, რა უფრო შექმნის უხერხულობას, როდესაც ტურისტი აქ ავტოსაგზაო შემთხვევას მოახდენს, დაიწყება გამოძიება და დაეკისრება ზარალის ანაზღაურება. მგონია, რომ ეს უფრო არაცივილური მეთოდია. ამ ხარჯს დაზღვევა უნდა ანაზღაურებდეს. ყველა ტურისტისთვის ზუსტად ეს იქნებოდა გაუგებრობა, რომ ის თავისი ჯიბიდან იხდიდეს ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრისთვის ზარალს"-აცხადებს მესხიშვილი.
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში - ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში - ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა სდევს თან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისიც უნდა დავაანონსო, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა Hub Georgia-ში გააკრიტიკეს. როგორც gbc-ს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განუცხადა, ეს უცხოელებისთვის სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge