“კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თელავში, ზუზუმბოზე, 6 ჰექტარ ფიჭვის მასივში, ერთი 40-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და რვა კოტეჯი აშენდება. ზუზუმბოს ტურისტულ კომპლექს შპს “ბუნებრივი აირი“ აშენებს, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 10 მლნ ლარია.
კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიის დირექტორი გიორგი ქართლელიშვილის განცხადებით, პროექტის მასშტაბის გაზრდის გამო მშენებლობის დასრულება 2019 წლის ზაფხულამდე გადადო.
შპს “ბუნებრივი „აირში“ ნომრის ღირებულება ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ აქვთ თუმცა, კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ ნომრის ღირებულება ერთი ღამით 150 ლარიდან დაიწყება.
„როდესაც პროექტი პირველად დაპროექტდა, მაშინ არ გვქონდა გათვალისწინებული კოტეჯები, აუზი, კახური ეზო. საწყის ეტაპზე აუზი და კახური ეზო იფუნქციონირებს. კომპლექსში განთავსდება ორი ღია და ერთი დახურული აუზი, შემდეგ კი საჯინიბო დაემატება. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ყველა კახურ ტრადიციას, მაგალითად ნახავენ როგორ მზადდება ჩურჩხელა, როგორ იხდება არაყი. მათ საშუალება ექნებათ ამ პროცესებში თვითონაც მიიღონ მონაწილეობა. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ფიტნეს დარბაზი და ბარ-რესტორანი“, – აცხადებს გიორგი ქართლელიშვილი.
შპს “ბუნებრივი აირის“ მენეჯმენტმა ჯერჯერობით სასტუმროს სახელი არ იცის, თუმცა, განმარტავენ, რომ სახელწოდება თელავთან იქნება კავშირში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემებით ირკვევა, რომ შპს “ბუნებრივ აირში” 66,6%–ს შოთა დემინაშვილი ხოლო 33,3%-ს დავით დემინაშვილი ფლობს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბუნებრივი აირი“ თელავში სასტუმროთა ქსელ ,,ძველი თელავს“ ფლობს.
www.commersant.ge