ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტულ მარშრუტებში დაცული ტერიტორიების ნუსხა გაიზრდება
01 ნოემბერი, 2017

„2018 წლისთვის ვგეგმავთ ტურისტულ მარშრუტებს დავუმატოთ ნავენახევის მღვიმე, სადურგლიას მღვიმე, ასევე გეგმაში გვაქვს ყაზბეგის ეროვნული პარკის განვითარება“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო რაჭის დაცული ტერიტორიის გამოცხადებაზეც მუშაობს. 

როგორც ცნობილია, წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - 2017 წელს ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათას მიაღწია.

დავით მარკოზაშვილის განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, სწორი მარკეტინგული მესიჯებით, სწორი სერვისების შეთავაზებისთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობით.

„შიდა ტურიზმი ვითარდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკას რომ შევხედოთ საქართველოს მოქალაქეები აჭარბებენ უცხოელებს. ჩვენთან პოპულარული ხდება შაბათ-კვირის გამოყენება ტურისტული ადგილების მოსანახულებლად. ზოგადად ზამთრის პერიოდი არის ნაკლებად დატვირთული, ვიდრე ზაფხულის, რომელიც არის პიკური წლის განმავლობაში. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ , რომ ჩენი შეთავაზებები მოიცავდეს ოთხივე სეზონს, ამ ზამთარს უკვე შეგვეძლება რამდენიმე საინტერესო შეთავაზება დავაანონსოთ, თუმცა მომავალში გაცილებით მეტს შემოგთავაზებთ“, - განაცხადა მარკოზაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს გვაქვს 20 ტერიტორიული ადმინისტრაცია და 88 დაცული ტერიტორია, თუმცა ტურისტებს ყველა მათგანი არ სვთავაზობს ტურისტულ სერვისს და ეს არც არის მიზანშეწონილი. „ყველაზე პოპულარული არის პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონები, ასევე ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი“, აღნიშნა მარკოზაშვილმა.

რაც შეეხება ფასების დიფერენციაციას, მისი განცხადებით, განსხვავებული საფასო პოლიტიკა მხოლოდ საქართველოში არ არის, ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ემყარება რამდენიმე მოსაზრებას: „მათ შორის მთავარია შემდეგი: რადგან საქართველოს მოქალაქეები თვითონ იხდიან გადასახადებს და ამ თანხით ჩვენც ვსარგებლობთ, ვცდილობთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად დააწვეს ეს ტვირთი. მეორე მომენტია, რომ ჩვენ როდესაც ეს სისტემა დავნერგეთ, ფასები გაიზარდა, ძირითადად, უცხოელებზე, მაგრამ ქართველებზეც მოიმატა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ვიზიტორთა რაოდენობას შეიძლებოდა გადაეჭარბებინა მაქსიმუმისთვის, რა შემთხვევაშიც დაცული ტერიტორიების დაზიანების რისკიც შესაძლოა, გაზრდილიყო. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი გამოხატავს იმ ხარისხს, რასაც მომხმარებელი იღებს.

აღნიშნული ყველაზე პოპულარული ტერიტორიები ინფრასტრუქტურულად ძალიან კარგად არის განვითარებული“, - განაცხადა რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას მარკოზაშვილმა.

„კომერსანტი“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.