აჭარის მაღალმთიანეთში, მერისის ხეობაში ფოლკლორი ტურისტულ პროდუქტად არის ქცეული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი ტურსააგენტოების წარმომადგენლებს გააცნო.
მერისში მოქმედებს საოჯახო-სასტუმრო სახლები, ტურისტული ღირსშესანიშნაოები. ინფოტურის ფარგლებში სტუმრები სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნენ. თურმანიძეების ოჯახი წლებია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის.
ამირან თურმანიძე, 97 წლისაა და აქტიურად არის ჩართული ტურისტებისთვის ფოლკლორ-გაკვეთილების მომზადების პროცესში. ტურისტები ხეობაში ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან 2-3 თვით ჩადიან.
„მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ. ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ. მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად. არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები. გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, მერისი ძალიან ლამაზი ხეობაა. მარშრუტზე შესაძლებელია ნახოთ ჩანჩქერი, საპიკნიკე ტერიტორიები, ვენახები და ულამაზესი მერისი ხეობის ხედები“, - ამბობს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე.
გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო.
www.travelingeorgia.ge