ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურისტულ ქუჩებზე რესტორნების 90% აღარ გაიხსნება“ - ლევან ქოქიაშვილი
21 იანვარი, 2021

"ტურისტულ ქუჩებზე რესტორნების 90% აღარ გაიხსნება", - ამის შესახებ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა დარგთაშორისი ინიციატივის წარდგენის შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რესტორნების ამოქმედების შემთხვევაში მათ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად USAID-ი აკეთებს კვლევას, რომლის საფუძველზეც ზუსტი რიცხვები დადგინდება, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რესტორნების უმრავლესობა ბაზრიდან გადის.

„1 თებერვლიდან, რესტორნების დაახლოებით, 60%-65% აღარ გაიხსნება, რადგან დამფუძნებლები და ბიზნესის მფლობელები გახსნის აზრს ვერ ხედავენ, მით უფრო ისეთ ტურისტულ ქუჩებზე, როგორიცაა ერეკლე II-ის ქუჩა. ვიცი რამდენიმე რესტორანი, რომელიც დაიკეტა და გავიდა ამ ქუჩიდან. ტურისტულ ქუჩებზე რესტორნების 90% აღარ გაიხსნება. მსხვილი სარესტორნო ბიზნესები მოახერხებენ გახსნას, თუმცა ისინიც პირდაპირ აცხადებენ მთავრობასთან შეხვედრების დროს, რომ თუ 1 თებერვალს არ გაიხსნებიან, მსხვილი კომპანიებიც გაკოტრდებიან და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას“, - ამბობს ქოქიაშვილი.

დარგის წარმომადგენელი გახსნისთვის საჭირო რეგულაციების შემუშავებისას კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.
 
„უამრავი ინფორმაცია გვაქვს, როგორ ხდება რეგულაციების დამუშავება, როგორ ხდება კომუნიკაცია საჯარო და კერძო სექტორს შორის, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ ნებისმიერი რეგულაცია შეთანხმდეს კერძო სექტორთან, რომ შეძლონ ბიზნესებიდან სპეციალისტებმა ესაუბრონ თუ როგორ უნდა იყოს სწორად გამართული პროცესები. წინაზე კვების ბიზნესში რესტორნების 22:00 საათზე დაკეტვა იყო არაპროფესიონალიზმი და იმის გამოვლენა, რომ სტუმარმასპინძლობის სპეციალისტი მთავრობას არ ჰყავს და იღებს 3-4 ეპიდემიოლოგის რეკომენდაციების საფუძველზე რეგულაციებს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი სფერო ისევ სასადილოებია და ბუფეტის ხელმძღვანელები ვართ“, - განმარტავს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.