"ტურისტულ სექტორში არის ბევრი სუსტი რგოლი, რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია" – როგორ ხვდება საქართველო ზაფხულის ტურისტულ სეზონს?
აქტიური ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების საკითხი აქტუალური ხდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განხორციელებული მარკეტინგული კამპანიებისა და დაგეგმილი ღონისძიებების გამო. წლევანდელი ზაფხულის სეზონი ტურისტების ნაკადების კუთხით კარგი იქნება.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე განმარტავს,რომ სეზონს სახლემწიფო და კერძო სექტორი მაქსიმალურად მომზადებული ხვდება. საუბარია, ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზებაზე, ახალ მარშრუტებზე, ახალ სასტუმროებსა და ასე შემდეგ. „არის ახალი ბრენდის სასტუმროები, რომელიც საშუალებას აძლევს უცხოელ ტურისტს, თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის არჩევანი გააკეთოს. რაც შეეხება მთის და ზღვის კურორტებს, აქ აქტივობა ყოველთვის ნარჩუნდებოდა და ასეა წელსაც"-აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი განცხადებით, წელს ქვეყანა ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ევროპიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ელოდება. კვაჭანტირაძის განმარტებით, აქ გათვალისწინებულია როგორც ტურისტული მომსახურეობის, ასევე ადგილობრივი პროდუქციის შეძენა, რაც თავისთავად ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს აძლევს.
კვაჭანტირაძე ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. მათგან უმთავრესი კი შედარებით დაბალი სერვისი და მაღალი ფასებია. მისი განცხადებით, ყოველ სეზონზე გარკვეულწილად დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა და სერვისთან მიმართებით გარკვეული ხარვეზებიც არსებობს.
„სერვისი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს იმ ფასს, რომელსაც სასტუმროები აწესებენ, ან იმ ფასს, რომელსაც ზოგადად ტურისტულ პროდუქტში იხდის მომხმარებელი. გარკვეული ხარვეზები იყო ზამთრის სეზონზე და გასული წლის ზაფხულის სეზონზე. წელს როგორც ვიცი, ადგილობრივი მუციპალიტეტები ჩართულები არიან, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრილი იყოს"-აცხადებს კვაჭანტირაძე.

შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარის თქმით კი, ქვეყანა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გარკვეულწილად მომზადებულია, მაგრამ სექტორში არის ძალიან ბევრი სუსტი რგოლი, რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. „დავიწყებდი მთის რეგიონებით. პირველ რიგში, ეს არის თუშეთი, სადაც გზა ჯერ კიდევ ჩაკეტილია და ძალიან ბევრი ჯგუფი უკვე გაუქმდა, თუში მასპინძლებიც კი ვერ ადიან იქ. გაურკვეველია როდის გახსნება გზა და რამდენად უსაფრთხო იქნება. საკმაოდ ცუდად იწმინდება გზა სვანეთში. საკმარისია წვიმა მოვიდეს, ქვის ცვენაა გზებზე და ის დაგვიანებით იწმინდება. ეს თვალშისაცემია"-აცხადებს თაბაგარი.
მისი თქმით, პრობლემებია დასუფთავების კუთხითაც. როგორც თაბაგარი განმარტავს, უცნობია წელს რა გაკეთდება დაბიძნურების პრევენციისთვის.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაახლოებით ორი თვეა დაიწყო. ზაფხულის ტურისტული სეზონი კი ოფიციალურად აჭარაში 9 ივნისს, მესტიაში კი 10 გაიხსნა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში ახორციელებს, რისთვისაც ჯამში 7.5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge