სიღნაღის საოჯახო სასტუმრო „ტყუპები“ – „ტურისტების 80-90% რუსეთიდან იყო, ახლა შეიძლება სასტუმროები ცარიელი დამრჩეს“ – ფასდაკლებები ქართველი ტურისტებისთვის
„ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქსტატიდან აღებული ციფრების მიხედვით, თუ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას შეწყვეტენ, სავარაუდო დანაკარგი 750 მილიონი დოლარი იქნება. ყველაზე მეტად კი აჭარა დაზარალდება,“-ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გააკეთა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორც ხვდება სასტუმროს ბიზნესი ეგრეთ წოდებულ ტურისტულ ემბარგოს და რა მოლოდინები აქვს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით?
ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმრო „პალმას“ ადმინისტრატორი დარინა იაკობიძე„კომერსანტთან“ განმარტავს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთიდან ჯავშნები გაუქმებულია. მისი ინფორმაციით, სასტუმროს მენეჯმენტისთვის ეს ფაქტი იქნება სტიმული იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და რუსი ტურისტების დანაკლისი სხვა ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისგან ან ადგილობრივი ტურისტებისგან აინაზღაუროს.
მისი განმარტებით, თუ რუსი ტურისტები მაინც იქნებიან სასტუმროში, ყველანაირად შეეცდებიან აუხსნან, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. იაკობიძის ინფორმაციით, სასტუმროში დამსვენებლების 30-40%-ს რუსები წარმოადგენდნენ.
მესტიაში მდებარე „მარიანას საოჯახო სასტუმროს“ მფლობელი მარიანა ფალიანი აცხადებს, რომ ტურისტების 50%-ს რუსები არიან. შესაბამისად, შექმნილი ვითარება სასტუმროს შემოსავალს შეამცირებს, თუმცა, ისე არა, რომ საკურორტო სეზონი ჩაშლილად გამოაცხადოს.
ფალიანი განმარტავს, რომ აუცილებელია სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიმუშაონ ერთიანი ხედვა, რომელიც ადგილობრივ ტურისტებზე ფასდაკლებას გულისხმობს.
„მე პირადად ქართველ ტურისტებს 40-50%-იანი ფასდაკლებით ვიღებ. თუ საუზმის გარეშე 1 ადგილიანი ნომერი 30 ლარი ღირს, ადგილობრივ ტურისტებს 15 ლარად მივიღებ. შემოსავალი შემიმცირდება, მაგრამ ცარიელ ნომერს ხომ ჯობს აქტივობა მქონდეს. ასე უფრო ნაკლებად დავზარალდები,“ — აცხადებს ფალიანი.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის უკვე დაჯავშნილია ივლისის და აგვისტოს პერიოდი. საკმაოდ დიდი ინტერესია ევროპიდან, მათ შორის, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ასე შემდეგ.
„რუსულ ემბარგოს აუცილებლად ღირსეულად გადავიტანთ,“—აცხადებს ფალიანი.
სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტყუპების“ ხელმძღვანელი ზაურ მუღრაშვილი„კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტურისტების 80-90%-უ რუსეთიდან იყო. ახლა კი, ბოლო დღეებში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსებმა დატოვეს სასტუმრო, ჯავშნებიც გაუქმებულია. მუღრაშვილი იმედოვნებს, რომ საკურორტო სეზონი ჩაშლის პირამდე არ მივა და მისი სასტუმრო შემოსავალს მცირედი დოზით მაინც მიიღებს.
„ბუქინგიდან ჯავშნიდნენ რუსები. მე ძირითდად ეგ კატეგორია მყავდა. ქართველები ნაკლებად, სად აქვთ ქართველებს საშუალება, ზოგს ისე უჭირს ლუკმა-პური არ აქვს, რა დასვენებაზეა საუბარი. ახლა თუ რუსებიც აღარ მოვიდნენ, დამრჩება სასტუმრო ცარიელი,“— აცხადებს მუღრაშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.
ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.
რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.
Commersant.ge