ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურისტული ემბარგოს შედეგად მთის კურორტებზე მნიშვნელოვან კლებას არ ველოდებით“
18 ივლისი, 2019

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოთხილამურე ტურისტი, ამიტომ განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდებით რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე, რადგან ამ ქვეყნიდან მოთხილამურეთა რაოდენობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი არ ყოფილა, თუმცა ფაქტია, რომ ის ზრდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, მომავალ წლებში იმ ტემპით აღარ წავა“ – ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის კურორტებზე, ბაზრის დაახლოებით 25% რუს ტურისტებს ეკავათ.

„ფრენის გაუქმების შედეგებს უმეტესად სასტუმროები და კერძო სექტორი იგრძნობს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ მეტად და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სათხილამურო ფედერაციასთან ერთად სამხრეთ კორეაში გვქონდა, სადაც შევხვდით 80-მდე სააგენტოს, რომლებიც დაკავებულები არიან ტურისტების მომსახურებით. ასევე შევხვდით სამხრეთ კორეის სათხილამურო ფედერაციას და გავაფორმეთ მემორანდუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც გულისხმობს სპორტულ აქტივობებში ჩართულობას. ანუ მომავალში ჩამოვლენ კორეელი სპორტსმენები და ივარჯიშებენ ჩვენს ტერიტორიებზე, და პირიქით, ასევე გავცვლით გამოცდილებასაც. ეს კი დამატებითი სტიმულია დამსვენებლებისთვის“ – აღნიშნა თამაზ გამცემლიძემ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, წელს საქართველოში ველოდებით ტურისტებს უკრაინიდან და პოლონეთიდან.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ევროპის ქვეყნების წილი კურორტებზე და პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს ლონდონიდან, ჰელსინკიდან და ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.