ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული კომპანია: წინამძღვრის ნაბიჯი პროტესტის სწორი ფორმა იყო
18 იანვარი, 2019

ტურისტული კომპანია The best adventure in Georgia-ს წარმომადგენელმა ირაკლი ხოტეველმა განაცხადა, რომ ჯვრის მონასტრის ტეროტორიაზე სერიოზული ანტი-სანიტარიაა და ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. 

მისი აზრით, ადამიანებს არ უნდა აეკრძალოთ ვაჭრობა, მაგრამ არსებული მდგომარეობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა გამოასწოროს. 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე დაგხვდეს კარგი გარემო, ამ შემთხვევაში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ძალიან მოუწესრიგებელია, არის ანტისანიტარია, ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საპირფარეშოები. 

ჩვენ გარევაჭრობის წინააღმდეგი არ ვართ, ხალხმა უნდა გაყიდოს პროდუქტი და ჰქონდეთ შემოსავალი, მაგრამ აუცილებლად მუნიციპალიტეტმა უნდა გადაჭრას პრობლემა, რომ ესთეტიურად გამოიყურებოდეს ელემენტარულად ის დახლები, სადაც ვაჭრობენ და მიაქციონ ყურადღება, რომ სუფთად იყოს ეს ყველაფერი. 

ეს არ არის მხოლოდ ჯვრის მონასტერი, ეს არის ე.წ „სამხედრო გზა“, რომელიც არის ყაზბეგში, სტეფანწმინდამდე. არსებული ადგილები მნიშვნელოვანია, სადაც ადამიანები ზამთარშიც და ზაფხულშიც მოძრაობენ, თუნდაც ანანურის შემთხვევა, სადაც უსახური ჯიხურები დგას. ჩვენ ხომ ვზრუნავთ ტურიზმზე, ემოციები და განწყობები კი, ტურიზმში მნიშვნელოვანია.მე ვეთანხმები ჯვრის მონასტრის წინამძღვარს, რომ მოწესრიგებული უნდა იყოს ტერიტორია, ეს საქვეყნო საქმეა, რომელზეც ქვეყანამ უნდა იზრუნოს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩემი აზრით, ძალიან სწორი პროტესტის ფორმა იყო. დიდი რაოდენობით ტურისტები მიდიან ჯვირს მონასტერში, იქ კი მოწესრიგებული სიტუაცია უნდა დახვდეთ.

ამ ყველაფერს ჩვენი გადმოსახედიდან ვამბობთ, რასაც პირადად ვხედავთ. აჩვენებ ადამიანს, რომ არის შესანიშნავი, ძველი ქრისტიანული ძეგლი, მიდიხარ ადგილზე და შემდეგ ნაგავი გხვდება, საპირფარეშოები გაუმართავია, უსახური ჯიხურები დგას, რომელიც ხელს გიშლის იმ განწყობების შექმნაში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ტურისტი თვითონ არ ჩამოვა მეორედ, ქვეყნის გარეთ მაინც არ უნდა გავიდეს ეს ინფორმაცია.

ამის გაკეთება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა ითავოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს, ყველაფერზე ცენტრალური ხელისუფლება ვერ იზრუნებს.

ჩვენ არ ვცდილობთ რომ „ხელები დავიბანოთ“ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ მცხეთის მერის პოზიციაც უცნაური იყო, რადგან მისი საქმეა ამ ყველაფრის მოწესრიგება, ეს ტერიტორია მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პრობლემას გულით უნდა მივუდგეთ, მხოლოდ მისი ქალაქის პრობლემა არ არის ეს, ქვეყნისთვის უნდა გავაკეთოთ.

ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ ტურიზმისთვის და მსგავსი პროცესები უკუ-რეაქციას გამოიწვევს”,  – განაცხადა ირაკლი ხოტეველმა.

შეგახსენებთ: მცხეთის ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, 2 დღე დაკეტილი იყო. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.