ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული კომპანია WST კახეთში "ტურისტული სოფლის" აშენებას გეგმავს
05 თებერვალი, 2024

ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi მანავში "ტურისტული სოფლის" აშენებას გეგმავს, რომელშიც ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც WST-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიას აღნიშნული პროექტისთვის ადგილი უკვე შეძენილი აქვს.

"კახეთში, მანავში ვაპირებთ ტურისტული სოფლის აშენებას, სადაც ჩვენს ტურისტებს მივიყვანთ. ადგილზე იქნება აუზი და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით, 2 წელში ალბათ, ეს გეგმა განხორციელდება, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროში უკვე გარშემო მიმდინარე ომი დასრულდება და ტურისტიც უფრო მეტი გვეყოლება. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარი იქნება. ადგილი უკვე ნაყიდი გვაქვს", - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა.

"ჩვენ დედაქალაქში ტურები 2-სართულიანი ავტობუსებით გვაქვს, ხოლო რეგიონებში მომხმარებლებს მინივენებით, ან სხვა ტიპის ავტობუსებით ვემსახურებით. ამჟამად გვყავს 4 ორსართულიანი ავტობუსი, სადაც მოქმედებს აუდიოგიდი. მომხმარებლებს ურიგდებათ ერთჯერადი ყურსასმენები და შესაძლებლობა ეძლევათ აირჩიონ მათთვის სასურველი ენა.  მომხმარებლების 90% არის ტურისტი, 10%  - ადგილობრივი. მომსახურების საფასური ქალაქის ტურის შემთხვევაში ტურისტისთვის არის 60 ლარი, ხოლო ადგილობრივისთვის  - 30 ლარი. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა.

თბილისის გარდა თითქმის მთელ საქართველოში გვაქვს 1-დღიანი ტურები. ყოველ დღე გვაქვს ტური კახეთის, გუდაური-ყაზბეგის და მცხეთის მიმართულებით, ვარძიაში კვირაში 3-ჯერ გვაქვს, ასევე გორი-უფლისციხე კვირაში 2-ჯერ და ასევე ქუთაისშიც", - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

ცნობისთვის, კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.