მცირე ტურისტული კომპანიები არასამთავრობო ორგანიზაციას “საქართველოს ტურისტულ გილდიას” ქმნიან, რომელიც ქვეყანაში ტურისტული ხარისხის ამაღლებაზე და რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგოს გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაზე იქნება ორიენტირებული. მასში სწორედ ის მცირე ტურისტული კომპანიები გაერთიანდებიან, რომლებიც რუსული ტურისტული ემბარგოს გამო დაზარალდნენ.
როგორც ტურისტული გილდიის დაფუძნების ინიციატორი მაია ჩადუნელი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, “ტურისტულ გილდიაში” თავდაპირველად დაზარალებული ტურისტული კომპანიები გაერთიანდებიან.
“მომავალში სხვებიც შემოგვიერთდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ვინც რუსულენოვან ბაზრებზე მუშაობდნენ, მასში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, მათ შორის, მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, გიდები, მარნები და პატარა სასტუმროები. ჩვენ – არა აქტივისტების ჯგუფი, არამედ გილდიის წარმომადგენლები ვიქნებით”, – განაცხადა ჩადუნელმა.
ჩადუნელის განცხადებითვე, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად და ტურიზმის სექტორში ხარისხის გასაუმჯობესებლად, მცირე ტურისტულმა კომპანიებმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი წარუდგინეს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში საკითხის განხილვა დაიწყება, მცირე ტურისტული კომპანიები განხილვაში ჩაერთვებიან.
bm.ge