ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თვითმარქვია გიდები „ქართვლის დედას“ ტურისტებს თამარ მეფედ აცნობენ
16 სექტემბერი, 2021

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საქართველოში სასწრაფოდ შემუშავდეს და ამოქმედეს კანონი, რომელიც ტურისტულ სექტორში მომუშავე სპეციალისტების სერტიფიცირებას სავალდებულოს გახდის.

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიის ,,ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნატალია კლიმიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რაც დღესდღეობით ტურისტულ ბიზნესშია და გარდა იმისა, რომ კომპანიების სტაბილურ საქმიანობას უქმნის საფრთხეს, ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად აისახება.

,,ტურისტულ ბაზარზე საქმიანობა უნდა იყოს ლიცენზირებული. წლებია, ამას ვითხოვთ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ტურისტები უნდა მოვიზიდოთ და ამაში სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ცხადია, კანონმდებლობამაც უნდა შეუწყოს ხელი. პირველ რიგში, ლიცენზირება უნდა იყოს და არავინ დაუშვან, ვისაც ნებართვა არ ექნება. ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდნენ შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ გიდის და ტუროპერატორების ფუნქციებს, დაბალი ხარისხის, ზოგჯერ სამარცხვინო მომსახურებას უწევენ ტურისტებს და საქართველოს ტურისტულ იმიჯს საფრთხეში აგდებენ. ფაქტობრივად აეროპორტშივე სთავაზობენ მეგზურობას უცხოელებს, 30-ლარიან მომსახურებას უწევენ, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს ხდება არაპროფესიონალების მიერ, რომლებსაც ქალაქის ღირსშესანიშნაობებზეც კი არ აქვთ ელემენტარული წარმოდგენა. სულ ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა ქართვლის დედის მონუმენტი ტურისტს გააცნეს, როგორც თამარ მეფისა, ასეთი ფაქტები კი საკმაოდ ხშირია. ძირითადად დაბალბიუჯეტური ტურისტები მოდიან, ვინც იაფს სთავაზობს, მასთან გარბიან. მართალია, მერე ხვდებიან, რომ ცუდი სერვისი მიიღეს, მაგრამ უკვე გვიანია“, - ამბობს ნატალია კლიმიაშვილი.

ტურისტული კომპანიის დირექტორი საუბრობს ასევე მომსახურების გაძვირებაზე ტურისტულ რეგიონებში და დასძენს, რომ განსაკუთრებით ღვინის მარნების მომსახურების ხარჯია გაზრდილი.

,,წელს მომსახურების ხარჯი არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გაზრდილი. ეს ეხება თითქმის ყველა სეგმენტს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ღვინის მარნებს, თუკი შარშან მათ მომსახურება 40-45 ლარს ვიხდიდით, წელს 70 ლარზე ნაკლები იშვიათადაა. მომსახურების ხარისხი კი აშკარად გაუარესებულია. იყო შემთხვევა, რომ 70 ლარი გადავიხადეთ მენიუში და სუფრიდან, შეიძლება ითქვას, რომ მშივრები ავდექით, რადგან მენიუ შეამცირეს. სრული ქაოსია, ვერაფერს გაიგებ. მასშტაბური სიძვირის ფონზე მინიმალურ მოგებაზე გვიწევს საქმიანობა და მოთხოვნაც აღარ არის. მიზერულ 10%-ზე ვმუშაობთ და ეს ტურისტული ბიზნესისთვის ფაქტობრივად არაფერია. ასე თუ გაგრძელდა, დავიხურებით. ბოლო 5 წელია ეს ტენდენციაა და ყოველ წელს უარესობისკენ მივდივართ, ახლა პიკზე ვართ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნატალია კლიმიაშვილი.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში 266 544 ვიზიტი განხორციელდა, რაც 75.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. 2019 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი 39 909 რუსეთიდან განხორციელდა, შემდეგ 34 847 ვიზიტით თურქეთი მოდის, მესამე ადგილზე კი უკრაინაა 29 372 ვიზიტით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ვიზიტების ოდენობა 2019 წელთან შედარებით თითქმის 3%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 266 544 ვიზიტიდან 247 222 ტურისტული მიზნით იყო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.