ზამთრის ტურიზმის პერსპექტივა დაახლოებით თვენახევარში გამოიკვეთება, თუმცა პროგნოზი მოსალოდნელ სეზონთან დაკავშირებით ჯერჯერობით უიმედოა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიც წარუმატებელი აღმოჩნდება. ასეთ მოსაზრებას ამყარებს დაანონსებული ვირუსის მეხუტე ტალღა, შესაძლო რეგულაციები და სხვა.
როგორც ტურიზმის სპეციალისტები აღნიშნავენ, პანდემიაა და მთელი ეკონომიკა, მათ შორის, ტურიზმი კოვიდ-19-ის მძევალი რჩება. სექტორში დანაკარგის ანაზღაურება კი, ტურიზმის დარგის სპეციალისტის, პროფესორ ნიკა კვარაცხელიას აზრით, წლებს და საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს.
,,ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით მდგომარეობა დღესდღეობით უფრო მძიმეა, ვიდრე ზაფხულის სეზონისთვისაა დამახასიათებელი. უცხოელი დამსვენებლების მოზიდვა გარკვეულ პრობლემად რჩება, ამიტომ ძირითადად შიდა ტურისტების იმედად ვრჩებით, ძალების აღდგენა აქედან უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენთან მაინც და მაინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, იგი თავისი შემოსავლით ვერ გაუტოლდება უცხოეთიდან მიღებული ტურისტების დანახარჯებს, მაგრამ პანდემიურ პერიოდში მეტი პერსპექტივა აქვს. ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ტრადიცია არ გვაქვს. სტანდარტი ევროპულს მკვეთრად ჩამორჩება, როცა მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურაც შესაბამის დონეზე უნდა იყოს განვითარებული. ზამთარში რომც კარგად ამუშავდეს ტურიზმი, შეიძლება, კურორტებზე ეპიდემიის ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ეს შარშან ბათუმში მოხდა. რეალურად არაფერი გამოდის. რამდენიმე წელი და საკმაო რესურსია საჭირო, რომ ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს“, - უთხრა „კომერსანტს“ ნიკა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, რეგულაციების გარეშე ტურიზმი ვერ იმუშავებს და სანამ კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ გამოსწორდება, სექტორში რისკიც დიდია.
commersant.ge