ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარში ნახევარ მილიონამდე ყვავილი დაირგო. ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, პორტულაკი, ვინკა - ეს იმ ერთწლოვანი ყვავილების ჩამონათვალია, რომელიც სეზონურად ყვავილობს და ბულვარის დეკორატიულ ბორდიურებს ავსებს. წელს 420 ათასი ამგვარი ჩითილი დაირგო, რაც სულ 189 ათასი ლარი დაჯდა.
ბულვარის მწვანე საფარის კოლექციას 2520 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარეც შეემატა.
„ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ყვავილები, მარადმწვანე და ფოთოლმცველი დეკორატიული ხე-მცენარეც დაირგო. წითელი ნეკერჩხალი, მაგნოლია, იაპონური და ჩინური კამელიები, იაპონური ალუბალი, მიმოზა, გლიცინია, შქერი და სხვა. სულ 38 სახეობის მცენარე შეემატა ჩვენს კოლექციას. მასშტაბურ გამწვანებით სამუშაოებს სამომავლოდაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა ჯაიანმა.
ბათუმის ბულვარის ისტორია 1881 წლიდან იწყება. ზღვისპირა პარკის მშენებლობის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს სმეკალოვს ეკუთვნის. ბულვარის მშენებლობა პრუსიელ მებაღეებს: რესლერსა და რეიერს დაევალათ. დღეს ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს.
1TV.GE