„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმი და ავიაცია - ეს ორი სფერო ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული “, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასული წელი ორივე სექტორში მნიშვნელოვანი წარმატებებით იყო გამორჩეული და ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში 2023 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, კერძოდ: ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი, საქართველოს აეროპორტები კი მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მთავრობა წელს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.
შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა, მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.