ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმი სანახევროდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 68%-ით აღდგა
27 მაისი, 2022

იანვარ-აპრილში საქართველოში სულ 821 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მართალია 272%-ით მეტია, მაგრამ პანდემიამდელ მაჩვენებელს 64%-ით ჩამორჩება. მდგომარეობა უკეთესია ტურისტული ვიზიტების სადაც შედარებით ნაკლები 48%-იანი ვარდნა ფიქსირდება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 68%-ით აღდგა. პოსტკოვიდურ პერიოდში, ბოლო 75 წელიწადში კონტინენტის ყველაზე დიდი ომი საქართველოს ტურისტული სექტორისთვისაც ახალ გამოწვევად იქცა და უფრო მაღალი ზრდის ტემპი შეაფერხა.

2019 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2.265 მლნ-ს მიაღწია, 2020 წლის იანვარ-აპრილში - 1.369 მლნ-ს, გასულ წელს 220 ათასს, წელს კი 821 ათასს. რადგან პანდემია მარტიდან დაიწყო, 2021 წლის ვიზიტორთა რაოდენობამ 2020-ის ვიზიტორთა რაოდენობას მხოლოდ წლის ბოლოს გადაუსწრო.

იმისთვის რომ საერთაშორისო მოგზაური ტურისტად აღირიცხოს, ის ქვეყანაში 24 სთ-ით მაინც უნდა გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაშიც ყველა ტურისტი არაა და შეიძლება ვიზიტი მიზანი განსხვავებული იყოს, თუმცა ეს ცალკე კვლევის თემაა.

თუ მხოლოდ ტურისტებს დავითვლით, მაშინ შედარებით უკეთესს სტატისტიკას მივიღებთ. იანვარ-აპრილში საქართველოს 642 ათასი ტურისტი ეწვია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არა 64%-ით არამედ 48%-ით ნაკლებია.

წინა წლების მსგავსად ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ეწვია, კერძოდ: თურქეთიდან 140 ათასი, რუსეთიდან 105 ათასი, სომხეთიდან 91 ათასი. მეოთხე ადგილი 76 ათასი არარეზიდენტების მიერ განხორციელებული 76 ათასი ვიზიტით თავად საქართველომ დაიკავა, აზერბაიჯანი 41 ათასი ვიზიტორით მეექვსე ადგილზე გავიდა და მას 5 ათასი ვიზიტორით ისრაელმა გაუსწრო. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული, ისრაელიდან კი 15%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ტურისტების რაოდენობასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს შორის კორელაცია არსებობს, მაგრამ ეს კორელაცია პირდაპირი არაა. მართალია ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ სანახევროდ აღდგა, მაგრამ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 68%-იანი ზრდა აჩვენა. თუ 2019 წლის პირველ კვარტალში დარგმა $578 მლნ დააგენერირა, 2022 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $394 მლნ-ს მიაღწია.

გასულ წელს ტურიზმი 31%-ით, (საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა მხოლოდ 20%-ით) ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 38%-ით აღდგა და $1.245 მლრდ-ს მიაღწია. წელს 70%-იანი აღდგენის შემთხვევაში $2.290 მლრდ-ს მიაღწევს. 80%-იანი აღდგენის შემთხვევაში $2.615 მლრდ-ს.

ნომინალური შემოსავლის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ზრდა აპრიორი მაღალშემოსავლიანი ტურისტების წილის ზრდას არ ნიშნავს. რეგიონში ინფლაცია ათწლეულების რეკორდს ხსნის და ჰორეკა სექტორს შემოსავალთან ერთად ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით 39 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ 39 ქვეყნიდან ჯამში საქართველოს საზღვარი 116 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა. ამ 116 ათასიდან 107 ათასი ისრაელზე, ბელარუსზე, ყაზახეთზე, უზბეკეთსა და საუდის არაბეთზე განაწილდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით პოზიტიური დინამიკა არსად ფიქსირდება. მეტიც ირლანდიის გარდა ყველგან ორნიშნა პროცენტული ვარდნაა, მათ შორის საფრანგეთიდან 32%-ით, ესპანეთიდან 39%-ით, გერმანიიდან 42%-ით და იტალიიდან 63%-ით.

ტურიზმიდან საქართველომ ყველაზე მეტი - $3.269 მლრდ-ის შემოსავალი 2019 წელს მიიღო. 2020 წელს $3.500 მლრდ იყო პროგნოზირებული, თუმცა პანდემიამ პროგნოზი თითქმის 7-ჯერ $542 მლნ-მდე შეამცირა. პოტენციურად ყველაზე აქტიურ მესამე კვარტალში შემოსავალი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26-ჯერ $1.127 მლრდ-დან $43 მლნ-მდე შემცირდა.

შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს შესაძლოა 2023 წელს დაუბრუნდეს, თუმცა რომ არა პანდემია, ის ამ დროისთვის უკვე $4 მლრდ-ს გადააჭარბებდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.