ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021 წელს ტურიზმის აღდგენის გარეშე წნეხი ეროვნულ ვალუტაზე კვლავ შენარჩუნდება
31 დეკემბერი, 2020

“2020 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ქვეყანას უფრო მეტი ვალი აქვს, ვიდრე ამ დრომდე” - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს თან მუდმივად გაურკვევლობები ახლდა.

“გვქონდა ორმაგი კრიზისი - ერთი ჯანდაცვის, ხოლო მეორე ეკონომიკური. მოლოდინები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე პრობლემა იყო ასევე ლარის კურსი, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და ასევე ინფლაციური წნეხიც გაიზარდა.

მიმდინარე წელს მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის მხრიდან ლარის მხარდასაჭერად საკმაოდ სოლიდური ინტერვენციები განხორციელდა ჩვენი რეზერვები საკმაოდ მაღალ, 3,8 მლრდ დოლარის ნიშნულზეა, რაც დონორებისგან მოზიდული თანხებით არის შევსებული” - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის თქმითვე, 2021 წელს თან თავისი გამოწვევები ახლავს.

“2021 წელს ტურიზმის აღდგენის გარეშე წნეხი ეროვნულ ვალუტაზე კვლავ შენარჩუნდება და ამ მხრივ სებ-ის ინტერვენციების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

წნეხის გათვალისწინებით, ინფლაციური პროგნოზიც შეგვეცვალა და 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება დაახლოებით 4%-ის ფარგლებში, ასეთ პირობებში ინტერვენციების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ასევე იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც მოუხდეს. სებ-ის გამოწვევა 2021 წელს იქნება ის, რომ ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში შეინარჩუნოს.

საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ის, რომ ტურიზმზე დამოკიდებულება შემცირდეს და სხვა დარგების პოტენციალის ამოქმედება მოხდეს.

ტურიზმის თუ არ აღდგა 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 3,7%-ით გვექნება. ხოლო თუ 50%-ის ფარგლებში აღდგა, მაშინ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად 5,5%-ის ფარგლებში იყოს” - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.