ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის აღდგენაზე მინისტრის ოპტიმიზმს დარგის წარმომადგენელი წინასაარჩევნო დაპირებას ადარებს
15 ივნისი, 2021

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა პროგნოზი ტურიზმის აქტივობის 2019 წლის 40%-ის დონეზე აღდგენის შესახებ. მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევის შედეგად, ამ მაჩვენებლის 50%–მდე გაზრდაც შესაძლებელია.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ ჰორეკა სექტორში ზაფხულის სეზონზე ტურისტებთან დაკავშირებით. როგორ ჩვენთან საუბრისას მსხვილი სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რეგულაციები, კომენდანტის საათი და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მათ მინისტრის მსგავსად პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არ აძლევთ.

თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს და აქსის თაუერსში განთავსებული სასტუმრო „პულმანის“ გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, გახსნის უკანასკნელი თარიღი კი სექტემბერი სახელდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასტუმროების მშენებლობა დასრულებულია, თუმცა აქამდე პანდემიის პირობებში მათ გახსნას აზრი არ ჰქონდა. გარდა ამისა, არც ზაფხულის სეზონზე არსებობს იმის მოლოდინი, რომ სასტუმროების ტურისტებით დატვირთვა მოხდება, სწორედ ამიტომ ჭიანურდება მათი გახსნა.

თბილისში სასტუმრო Golden Tulip-იც შემოდგომამდე არ გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით გაურკვეველია მთავრობის პოზიცია, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე რეგულაციებთან და კომენდანტის საათთან მიმართებაში, ამიტომ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა ზაფხულის სეზონისთვის რთულია.

„ჩვენი მოლოდინია რომ წელს ტურიზმი რაღაც ნიშნულზე ავა, მაგრამ მინისტრის მსგავსი პოზიტიური მოლოდინი და ასეთი ილუზია არ გვაქვს. ეს კარგია, მაგრამ ძალიან რთული განსახორციელებელი. ჩვენ თვითონაც არ დავაჩქარეთ ზაფხულში გახსნა, რადგან ჯერჯერობით გაურკვეველია მთავრობის პოზიცია, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე რეგულაციებთან და კომენდანტის საათთან მიმართებაში, ამიტომ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა ბიზნესისთვის რთულია. თუ ტურისტების ასეთ რაოდენობას ველოდებით რეგულაციების შემსუბუქება-მოხსნაზე საუბარი და ყველაფერის დაგეგმვა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, მსგავსი განცხადებები ჩემი აზრით წინასაარჩევნო დაპირებებს უფრო ჰგავს ვიდრე რელობას. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომაზე შედარებით გაუმჯობესდება სიტუაცია და ვაქცინაციაც გააქტიურდება, ამიტომ სასტუმროს შემოდგომაზე გავხსნით“, - აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ჰაიატის“ (Hyatt Regency Tbilisi) გახსნის საკითხიც არაერთხელ გადაიდო, მიზეზი ამ შემთხვევაშიც არაპროგნოზირებადი გარემოა. სასტუმროს მშენებელი კომპანიის „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მანამ სანამ ბიზნესისთვის პროგნოზების გაკეთება და ტურიზმის აღდგენის საკითხი ნათელი არ გახდება, გახსნის ვადებზე საუბარი რთული იქნება.

„ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და 2020 წელსაც არ შეგვიწყვიტავს. დასრულების ვადებზე საუბარი ახლა არასერიოზული გამოვა, რადგან შეიძლება მშენებლობა ადრეც დავასრულოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, ამიტომ არ ვჩქარობთ, ტურიზმის აღდგენის ტრენდს ვაკვირდებით. სანამ ვაქცინაცია არ დასრულდება და ტურიზმის აღდგენის რეალურ ტრენდებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც 2021 წელს აქვთ სასტუმროს გახსნის ვალდებულება, ჩვენ საბედნიეროდ 2023 წლის ივლისამდე შეგვიძლია გადავდოთ“, - თქვა მინდია გადაევმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ტურისტები საქართველოში საერთოდ არ იყვნენ. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.