ტურიზმის ადმინისტრაციამ ერთთვიანი მომსახურებისთვის კოვიდსასტუმროებთან 5.6 მილიონის ხელშეკრულებები გააფორმა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბერში კოვიდსასტუმროებთან დამატებით 5.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა; ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების ნებართვა კი მთავრობისგან 2021 წელს მიიღო. თავის მხრივ, კოვიდსასტუმროების მომსახურების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.
შესაბამისად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სახელმწიფო შესყიდების სისტემაში მოთხოვნილი აქვს თანხმობა “გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ”.
დოკუმენტაციაში განმარტებულია, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის დადგომა:
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე სივრცეში (კოვიდსასტუმროებში) გადასაყვანი ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებლ აუცილებლობას წარმოადგენდა სასტუმროებთან მოლაპარაკება და მათთან შესაბამისი მომსახურების დაკონტრაქტება, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული საკარანტინე სივრცეში გადასაყვანი ქვეყანაში შემოსული ადამიანების დაყოვნება”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში, აქვე ხაზგასმულია, რომ ყოველი რეისის დროს დაუდგენელი იყო რეისსზე მყოფ პირთა ზუსტი რაოდენობა, რაც ზუსტდებოდა რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
“შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა განგვესაზღვრა თუ რომელი სასტუმრო იქნებოდა მზად მიეღო შესაბამისი რაოდენობის ადამიანები, ამისათვის კი წინასწარ უნდა დაგვეკონტრაქტებინა რამდენიმე სასტუმრო, რათა მომხდარიყო უსაფრთხო და კომფორტული საკარანტინე სივრცეების (კოვიდსასტუმროების) მოწყობა/მობილიზება”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.
www.bm.ge