ღვინის მწარმოებლებს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია უჭირთ. იმის გამო, რომ ტურისტული ნაკადები შემცირებულია, ადგილზე ღვინის გაყიდვებმაც მკვეთრად იკლო. როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 30-35%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, რამაზაშვილის ინფორმაციით, მდგომარეობა 2020 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და ამ მხრივ ბიზნესის მოლოდინი პოზიტიურია.
,,პანდემია, როგორც ყველა სფეროს, ჩვენ ბიზნესსაც უარყოფითად შეეხო, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესზე, ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიაზე. ამ სექტორში შექმნილმა პრობლემამ ქართული ღვინის ბაზარზეც მკვეთრად ნეგატიური გავლენა მოახდინა. შემოსავლები და გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. წლის ბოლოს მონაცემს რომ შევადაროთ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 30-35%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, კლება შედარებით ნაკლებია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად 2020 წელს ფასის კლება შეიმჩნეოდა, რადგან ბაზარზე ჭარბი ღვინო დაგროვდა, 2021 წელს ტენდენცია შეიცვალა, მით უმეტეს, მომდევნო წელს ეს პრობლემა არ გველის, რადგან გლობალურ ბაზრებზე მოსავლის კლებას ჰქონდა ადგილი, რაც ცხადია ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს. წლევანდელი წარმოება ბაზარზე ჯერ არ გასულა და წინასწარ რთულია თქმა, თუმცა მოლოდინი პოზიტიურია.
ზოგადად კლება იქნება, მაგრამ პანდემიამდელ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7-10%-ის ფარგლებშია“, - განმარტავს მეღვინე ,,კომერსანტთან“.
რაც შეეხება მთავრობის მხარდამჭერ ღონისძიებებს, ზურაბ რამაზაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესმა თვითონ უნდა მიხედოს თავს, რისთვისაც, პირველ რიგში, კორონავირუსი უნდა დამარცხდეს და ტურიზმს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.
,,მთავრობა მეღვინეობას ამ მხრივ ვერაფერს უშველის, ტურიზმს თუ ეშველება, სიტუაცია სხვა სფეროებშიც თანდათან დალაგდება. ამისთვის კი გლობალურად უნდა შეიცვალოს ვითარება და კოვიდ19 დამარცხდეს. საქართველოს შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ექნება ვაქცინაციის გააქტიურებას, რის გარეშეც მდგომარეობის გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელია“, - დასძენს რამაზაშვილი.
ცნობისთვის, ,,თელავის ღვინის მარანი“ საუკუნეზე მეტს ითვლის. ის 1915 წელს თელავის მახლობლად დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ისტორიული გამოცდილებითა და მეღვინეობის უახლესი მეთოდების ერთობლიობით ქმნის ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებლებს.
რაც შეეხება ღვინის ექსპორტს მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
commersant.ge