ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2021 წელს პანდემიამ ტურიზმის სფეროს $2 მილიარდის ოდენობის ზარალი მიაყენა. მეტიც, გაეროს სპეციალიზებული ორგანო ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენა ძალიან ნელა და სუსტად მიმდინარეობს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა COVID-19-ის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებამ. UNWTO-ს მიხედვით, წელს საერთაშორისო ტურიზმი კვლავ 70-75%-ით შემცირებული იქნება 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა მსოფლიოში ტურისტთა რიცხვი 1.5 მილიარდს შეადგენდა. დაახლოებით ასეთივე კლება იყო 2020 წელსაც.
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა პანდემიის გამო $2 ტრილიონი იზარალა. თუმცა, გარდა პანდემიისა, ტურიზმის სფეროს ეკონომიკური ზიანი მიაყენა ნავთობის ფასების ზრდამ და სატვირთო მიმოსვლის ქსელის დარღვევამ.
ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ექსპერტებს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. „ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, ვაქცინაციის არასტაბილურმა მაჩვენებლებმა მსოფლიოს გარშემო და COVID-19-ის ახალმა შტამებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ისედაც ნელ და სუსტად მიმდინარე აღდგენის პროცესზე“ – ვკითხულობთ UNWTO-ს განცხადებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია, თუმცა, იმედოვნებს, რომ 2022 წელი 2021-ზე უკეთესი იქნება.
„ტურიზმის ინდუსტრიაში ეს ისტორიული კრიზისია, მაგრამ ტურიზმს აქვს ძალა, რომ საკმაოდ სწრაფად აღდგეს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდში გამართულ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე. მან ასევე მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, რომ შეეცადონ, შეიმუშაონ ერთმანეთის მსგავსი პროტოკოლი პანდემიის წინააღმდეგ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არსებული განსხვავებული რეგულაციები ტურისტებისთვის დამაბნეველია.
პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სფერო საქართველოშიც. TBC Capital-ის ცნობით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2021 წლის 10 თვეში 2019 წლის დონის მხოლოდ 21%-ს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 1 188 234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების მხოლოდ 20%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში უცხოელი მოგზაურების დანახარჯი, წინა წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ – $15.7 მილიონიდან $142.3 მილიონამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს საქართველომ ტურიზმიდან $124.6 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო. World Travel and Tourism Council-ის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10.4%-დან 5.5%-მდე შემცირდა.
წყარო: businessfeed.ge