2021 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე მხოლოდ 7.7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად მთავრობის დღის წესრიგში მარკეტინგზე დასახარჯი თანხის ზრდა დადგა.
“ტურიზმის სექტორმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო; მის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, თუ ჩვენ წელსვე არ დავიწყეთ მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანია, უკვე მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც რთული იქნება ჩვენს ქვეყანაში ტურისტის მოზიდვა, ამიტომ 10 მლნ ლარია დამატებით გამოყოფილი ამ მიმრთულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ.
TBC Capital-ი 2021 წელს საქართველოში ვიზიტორების ნაკადის 2019 წლის 40%-ის დონეზე აღდგენას პროგნოზირებს.
ჯერჯერობით, ტურისტულად ყველაზე აქტიური თვე ივნისი იყო, როდესაც საქართველოში 146 ათასი უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 80%-ით ნაკლებია, შესაბამისად, ივნისში ტურიზმი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.
2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.
bm.ge