მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ აქტივობებზე 15 მილიონ 970 000 ლარს დახარჯავს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისას მთავარი აქცენტი ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებზე კეთდება.
ამასთან, ადმინისტრაცია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრის ვერა ქობალიას მიერ გადაცემაში – “ანალიტიკა” – გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისი ინფორმაციით, ტურისტების მოსაზიდად რუსეთში სარეკლამო აქტივობები შეწყდა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები და მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის მოწინავე ადგილზეა, რაც განპირობებულია დამატებითი პირდაპირი ავიარეისების არსებობით.
“აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები ნაკლებად მნიშვნელოვანია და დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, კამპანია არ განხორციელდება.
რაც შეეხება მარკეტინგული აქტივობებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს, ის 15 მილიონ 970 000 ლარს შეადგენს. თუ როგორ დაკორექტირდება ქვეყნების მიხედვით აღნიშნული ბიუჯეტი, ამაზე ადმინისტრაცია მედიას დამატებით აცნობებს”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.