სიახლეები
|
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობს და ინფლუენსერს უმასპინძლა
04 ივლისი, 2022
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა. საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.
ინფო-ტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში Instagram დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა ათი-ათასობით მოწონება დაიმსახურა.
ინფო-ტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.
“ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც ჩვენს უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს, მასპინძლობს წამყვან მსახიობსა და ინფლუენსერს, რომელმაც საქართველოში უკვე მოინახულა გარკვეული ადგილები და კულტურულ ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მის ინსტაგრამ გვერდზე რამდენიმე დღეში უკვე ოცდათხუტმეტი ათასი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ქვეყნის ტურისტულმა პროდუქტმა. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს , რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას,“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
”გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში, ეს იყო საოცარი მოგზაურობა. ყველაფერი მომწონს, რაც ვნახე: არაჩვეულებრივი ბუნება, იფრასტურქტურა, რომელიც აბსოლუტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი კურორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის, ვისაც რა სურს, იმის ნახვა შეუძლია საქართველოში. აქ არის ბევრი აღმოუჩენელი ადგილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას. შეგიძლია ჩამოხვიდეთ და აღმოაჩინოთ უფრო მეტი.
გამოვარჩევდი საფეხმავლო ბილიკებს, კიდევ მინდა ჩამოვიდე საქართველოში.
როდესაც ჩემი სოციალური მედიისთვის ვიღებ, ჩემს მეგობრებსა და მაყურებელს ვეუბნები, რომ საქართველოში ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე მაგრამ ინტენსიურად დატვირთული 5 დღე. მოვინახულე ბევრი საინტერესო ადგილი და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში,“- აცხადებს საუდ ალ ქააბი ინფლუენსერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
|
|
|