„ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ “ტურიზმისა და კურორტების რეგულირების შესახებ” კანონში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული ის, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო.
“აუცილებელია კანონის დონეზე განისაზღვროს ტერმინები, რომელთა ირგვლივაც ჩვენ – როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანოები არაერთ პროგრამას ვახორციელებთ, თუმცა ეს ტერმინები კანონში არაა განსაზღვრული. ასევე კანონში არის ის ტერმინები, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან მოძველებულია. კანონში ასევე არაა პოლიტიკის განმსაზღვრელი ის ორგანო, რომლის როლსაც დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასრულებს. ჩვენ ასევე დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე პოლიტიკის განსაზღვრაც ამავე კანონის საფუძველზე იყოს დაწყებული უკვე რესპუბლიკის შესაბამისი კანონის თვალსაზრისით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე მოსაზრებით, კანონი უნდა იძლეოდეს ინფორმაციის მოპოვების რეალურ საფუძველს მათ შესახებ, ვინც ტურიზმის სექტორში სხვადასხვა სერვისს გასცემენ.
“ასეთია გიდები, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. კანონის მიხედვით, არ არის აუცილებელი მოთხოვნა იმისა, რომ ეს ადამიანები ასეთებად დარეგისტრირდნენ. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაიწყოს ამ სუბიექტების რეგულირება, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია მათი რეესტრი არსებობდეს და ვიცოდეთ, რა მიწოდების შესაძლებლობები გვაქვს გარკვეული მოთხოვნების შემთხვევაში და სწორედ ამ ანალიზის შედეგად მივხვდეთ, რა რეგულაცია, რა დოზით იყოს შემოღებული. თუ ეს ცვლილება არ გატარდება კანონში, რეგულაციების დოზებზე საუბარი ზედმეტია”, – აღნიშნა მან.
აღნიშნული მოსაზრებები მამუკა ბერძენიშვილმა საზოგადოებას ფესტივალ “ტურისტერის” ფარგლებში გააცნო.
BM.GE