“ტურიზმის ინსტიტუტის” დამფუძნებლის მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით, “როგორც – სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, ტურიზმის პოლიტიკას მეტი დაგეგმვა და სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება”. ამის შესახებ მამუკა ბერძენიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა და ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
“ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად საქართველოში, ტურიზმს აკლია მდგრადობა და ეს მდგრადობა პირველ რიგში, იწყება კანონმდებლობით და შემდეგ უკვე სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასევე, პრობლემაა ქვეყანაში სეზონურობა, განსაკუთრებით რეგიონებში და კურორტებში, რომლებიც თბილისს მიღმა მდებარეობს და თუ ამაზე არ დავიწყებთ ფიქრს დღეს, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დაგდგებით კლიმატის ცვლილების პირობებში, რაც ხელს შეუშის ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით კი ყველაზე პრობლემური ბათუმია”, – აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველა ცვლილება, რომელიც მომართული იქნება სექტორის განვითარებისკენ და გაუმჯობესებისკენ, საკანონმდებლო რეგულაციით უნდა დავიწყოთ.
“მთავარი კანონი საქართველოს ტურიზმისა და კურორტების რეგულირების შესახებ უნდა იყოს იმ მთავარი მესიჯის მატარებელი, თუ რა პოლიტიკას დაიჭერს მთავრობა, კერძო სექტორის აზრების გათვალისწინებით ამ ჭრილში და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ტურიზმში – ეს არის სრული რეგულირების, სრული დერეგულირების, თუ რაღაც შერეული მოდელის საფუძველზე გატარებული პოლიტიკა”, – განაცხადა “ტურიზმის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრობლემებზე და გამოწვევებზე სასაუბროდ, 31 მარტს, ბათუმში, ტურიზმის ფესტივალი “ტურისტერი” გაიმართა, რომლის მიზანია ბიზნეს პრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა თუ ანალიზის საშუალებით, ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბარი.