ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების 18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.
ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში 2019 წელს საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობდა მთლიანი მოსახლეობის 19,5% (725475 კაცი), ხოლო მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც დღეში 1,90 აშშ დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა 2019 წელს 167417 კაცი იყო. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდება და დაუბრუნდება დაახლოებით 2011-2012 წლების მონაცემებს, რომელის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელის დასაწყისისთვის 1 200 000 ადამიანი საარსებო მინიმუმზე ქვემოთ, ხოლო ძალიან ღარიბი 400 000 იქნება.
„თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მთლიანი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს 18 წლამდე ასაკის მოსახლეობა, ამ პროპორციით გამოდის, რომ 300 000 ბავშვი საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლით ცხოვრობს, ხოლო 75 000 ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაშია. ამ გავლენის კვალდაკვალ ადამიანური განვითარების ინდექსის 2020 წლის მონაცემები შემცირდება დაეცემა 72-მდე ( 2018 წლის 78,6 მაჩვენებელთან შედარებით)“, - ნათქვამია კვლევაში.
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში 2019 წლის მონაცემებით დასაქმებული იყო 49,1 ათასი კაცი, ხელოვნება, გართობა და დასვენების მიმართულებით კი 30,1 ათასი კაცი. თუ სექტორის 80%-ით შემცირების მაჩვნებელს ამ მონაცემებს მივუსადაგებთ, (49,1+30,1)*0.8=63,36 ათასი ადამიანი არის ტურიზმის სექტორში უმუშევრად დარჩენილი პირები, რაც საქართველოს მთლიანი დასაქმების მაჩვენებლის 5%-ია.
უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 80%-ით შემცირდა.
GBC.GE