ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის სექტორის ნაწილი ჯავშნების გააქტიურებას 2020 წლის გაზაფხულამდე არ ელოდება
29 ივლისი, 2019

სასტუმროების “სატორისა” და “ფორ ბრაზერსის” გენერალური მენეჯერი ქეთევან წერეთელი-დუბეის განცხადებით, მისი მართვის ქვეშ არსებული სასტუმროებისა და კოლეგების ინფორმაციის საფუძველზე, აგვისტო–სექტემბერი–ოქტომბრისთვის ჯავშნების მიღება არ ხდება.

როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასტუმროებმა ახალი ჯავშნების მიღება ისევ დაიწყეს, მაგრამ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც თბილისში რამდენიმე აქცია ერთდროულად ჩატარდა, ტურისტებმა ჩამოსვლაზე ისევ უარი განაცხადეს.

“ჩვენ მაგალითად ერთ–ერთ სასტუმროში გვქონდა “დოიჩე ბანკის” დაკვეთა, საიდანაც უნდა ჩამოსულიყო ხალხი. ეს არც რუსეთია და არც ფრენებს ეხება, მაგრამ „დოიჩე ბანკის“ ხელმძღვანელობამ დაარიგა მეილები, რომ თავი აარიდეთ საქართველოში მოგზაურობასო და ეს დიდი ჯგუფი საქართველოში არ ჩამოვიდა. რაზე მეტყველებს ეს? – იმაზე, რომ ასეთი ახალგზარდა ქვეყანა ტურისტულად, როგორიც საქართველოა და როდესაც გიწევს ყოველდღიურად იმის მტკიცება, რომ უსაფრთხოა და არაფერი ემუქრება ტურისტს, ამ ეტაპზე ძალიან მოქმედებს ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა.

როცა 20 ივნისს ეს ამბავი მოხდა, გაზის გაშვება რუსთაველზე, შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში ჯავშნები ისევ წამოვიდა, როცა ისევ ოთხი აქცია ჩატარდა შემდეგ, იმ საღამოსვე, ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ყველა ჯავშანი თითქმის, რაც კი იმ დღეებში მივიღეთ, ან დარჩენილი იყო”, – განაცხადა ქეთევან წერეთელი–დუბეიმ და დასძინა, რომ დღეს ვითარების გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.

“რაც შეეხება სუბსიდირებას და ფრენების აღდგენას, რომც მოხდეს დაფინანსება და რუსეთის ბაზარი საქართველოს მხარეს წამოვიდეს, მაინც არ აღდგება ის მდგომარეობა, რაც გვქონდა. ალბათ, 50%–ით შეიძლება აღდგეს.

კიდევ რა არის საგანგაშო მდგომარეობა – სასტუმროებს, ყველაზე კარგი ტურისტი ვინც არის, 2-3 თვით ადრე ჯავშნის. ახლა იმწუთიერი ჯავშნები ხდება, ანუ ჩვენ არ შემოგვდის აგვისტო–სექტემბერი–ოქტომბრის ჯავშნები. ჩვენ შემოგვდის მხოლოდ ივლისის ჯავშნები, ისიც 30-40%–ით ფასდაკლებული, რადგან სხვანაირად ნომრები არ იყიდება და გამოდის, რომ ისევ ჰაერშია კიდია აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი”, – აღნიშნა მან.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.