"ტურიზმის სექტორში სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს“
ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის შემოღება დადებითი მოვლენაა ტურიზმის ინდუსტრიისა და თავად მომხმარებლებისთვის. სადაზღვევო სექტორისთვის კი ამ პროდუქტის ამოქმედება დიდ ძვრებს არ გამოიწვევს და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მთავარია პაკეტის პირობები არ იყოს ფორმალური, ისეთი, როგორიც მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაშია.
„სარისკო სამუშაოებზე დასაქმებულები, ფორმალურად, სარგებლობენ სავალდებულო დაზღვევით, მაგრამ არ არსებობს დაზღვევის პირობების მინიმალური სტანდარტი, რის გამოც სადაზღვევო შემთხვევის დროს დაშავებულებზე სადაზღვევო კომპანია მიზერულ თანხებს გამოყოფს,“ - განაცხადა ხეჩინაშვილმა.
მისი განმარტებით, ტურიზმის კუთხით სავალდებულო დაზღვევა იმოქმედებს გამყვანი ტურიზმის შემთხვევაში და მაღალი რისკის მარშრუტების გამყოლების დაზღვევის სახით.
„ნოტარიუსების, აუდიტორების და კიდევ რამდენიმე პროფესიის დარგში სავალდებულო დაზღვევა ახლაც მოქმედებს. თუმცა ეს არაა ის პროდუქტი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ბაზარზე. ასეთივე ნიშური იქნება ტურიზმის სფეროში დაგეგმილი დაზღვევის პაკეტი, მთავარია, ის არ იყოს ფორმალური,“ - განაცხადა ხეჩინაშვილმა.
ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტი მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას და სავალდებულო სერტიფიცირებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებებია: მოგზაურობა ან ფიზიკური აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალსა და ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ, მიუვალ ადგილას ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში, რომელიც შეიცავს მომხმარებელთა დაზიანებისა და ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე სხვა საფრთხეებს.
პროექტის თანახმად, სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით. ეს ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია ეტაპობრივად, 2024 წლის პირველი ივნისიდან. სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ამოქმედება პირველივე ეტაპზე იგეგმება.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.