"ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებზე მთავრობის პასუხს შეეხებოდა.
საქმე იმაშია, რომ 30 იანვარს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რეგულაციების დაცვით, რესტორნების და ზამთრის კურორტების გახსნა მოითხოვეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, 200-მდე რესტორანმა მიწოდების სერვსზე უარი თქვა. ბიზნესმა მთავრობას ეკონომიკის გახსნისთვის 2-დღიანი ვადა მისცა.
თავის მხრივ, გიორგი გახარია აცხადებს, რომ სრულდება მუშაობა გეგმაზე, რომელიც გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში ტურისტების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. შემდგომ ეკონომიკის ის დარგები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ტურიზმი. ჩვენ ფაქტობრივად ვასრულებთ მუშაობას გეგმაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ ნაბიჯები იქეთ, რომ გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში შევძლოთ ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური და ობიექტური. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ, მოკლევადიანი, სწრაფი შედეგების მისაღწევად.
ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე. და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და ვერავინ ვერავის შეუზღუდავს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი, ეს მათი უფლებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთან ერთად ვიფიქტოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან გახსნაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
bm.ge