ტურიზმის შვეიცარული სკოლის რჩევა საქართველოს: ორი კომპონენტის მიხედვით უნდა ვითარდებოდეთ
ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შვეიცარული სკოლის – LES ROCHES აღმასრულებელი დირექტორი კარლოს დიეს დე ლა ლასტრა საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს.
როგორც bm.ge-თან ინტერვიუში მან განაცხადა, „ქვეყანა ახალ საფეხურზე გადასასვლელად უკვე მზად არის, მაგრამ ამისათვის ტურიზმის მენეჯმენტი უნდა გაუმჯობესდეს.
„პირველმა ტურისტულმა ტალღამ საქართველოს გადაუარა და ქვეყანა ჯერ კიდევ მიმართულია იმისკენ, რომ ამ ე.წ. „ტალღის მონეტიზირება“ მოახდინოს, სარგებელი ნახოს; არადა, სწორედ ახლა არის ძალიან კარგი დრო იმისთვის, რომ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე და ტურიზმის მენეჯმენტის დონე აამაღლოთ ქვეყანაში. თქვენ ამის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, – აღნიშნა LES ROCHES აღმასრულებელმა დირექტორმა.
კარლოს დიეს დე ლა ლასტრას განმარტებით საქართველო ორი კომპონენტის მიხედვით უნდა ვითარდებოდეს – რაოდენობა და ხარისხი.
LES ROCHES აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ერთი მხრივ, საჭიროა, სასტუმროებისა და მომსახურების ობიქტების მატება, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხის ამაღლება.
„ამის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება; უნდა გაიზარდოს მენეჯმენტის დონე და საქართველო მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, არა მარტო ისეთი ქვეყანა, სადაც იაფი საცხოვრებელი და სერვისია ხელმისაწვდომი, არამედ ისეთი დანიშნულების ადგილი, სადაც რაღაც ექსკლუზიურს და განსაკუთრებულს სთავაზობენ დამსვენებლებს და ვიზიტორებს“, – აღნიშნა მან.
BM.ge