ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Anaklia Prataps Signature - "მწვანე სასტუმროს" მოლოდინები ზაფხულის ტურისტულ სეზონზე
11 ივნისი, 2021

„ჩვენ ოფიციალურად უსაფრთხო რეზორტი ვართ. წარმატებით გავიარეთ კოვიდუსაფრთხოების შემოწმება; ყველა ჩვენი თანამშრომელი აცრილია“ - ანაკლიაში მოქმედი სასტუმრო Anaklia Resort Pratap's Signature-ს ადმინისტრაცია ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტუმრომ ოპერირება სახმელეთო საზღვრების გახსნისთანავე, პირველ ივნისს განაახლა და დამსვენებელს დღეს უკვე კოვიდუსაფრთხო სივრცეში ელის. 

რა მოლოდინები აქვს სასტუმროს ადმინისტრაციას 2021 წლის ზაფხულის სეზონზე და როგორ გამოიყენებენ მწვანე ტურისტული ობიექტის სტატუსს - ამ კითხვებით BM.GE-მ სასტუმროს მმართველ მაია მურაჩაშვილს მიმართა.

სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, მწვანე სასტუმროს სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ აქვთ, თუმცა მათი თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე აცრილია და სტუმრების მიღება უსაფრთხო გარემოში შეუძლია.

„სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტებს მწვანე სტატუსი იმ შემთხვევაში მიენიჭებოდათ თუ მათი თანამშრომლების 70% აცრილი იქნებოდა. ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში 22 დასაქმებულიდან 18 ადამიანი გვყავს აცრილი, შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ მწვანე ზონა ვართ, თუმცა რაიმე სისტემა, სადაც მწვანე ობიექტის სტატუსი მოგვენიჭება, ჯერ არ არსებობს და ჩემი ინფორმაციით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.



სასტუმროს მმართველი 2021 წლის ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიამ მარკეტინგული აქტივობები სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ მეზობელი ქვეყნებიდან დაიწყო.

„ადგილობრივი ბაზრის ასათვისებლად აქტიური მარკეტინგი დავიწყეთ ქართულ ტურისტულ კომპანიებთან და მათ სასტუმროს გახსნის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, ვიწყებთ აქტიურ კამპანიას მეზობელი ქვეყნების მიმართულებით -აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს ჩვენი მთავარი დამკვეთები იყვნენ. აქცენტს მეზობელ და იმ ქვეყნებზე ვაკეთებთ, საიდანაც ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენებია დაგეგმილი.

ივნისში მოთხოვნა და მოლოდინი ძალიან დაბალია, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კონფერენციაა ჩანიშნული. ამ პერიოდში ამინდებიც არასახარბიელოა. შედარებითი პოზიტიურად ვუყურებთ ივლისს, რა დროსაც ელექტრონული გაყიდვების გვერდებზეც, როგორიც Booking.com-ია, ჯავშნები უკვე შემოდის. ევროპის ქვეყნებიდან ჯავშნები ივლისი- აგვისტო-სექტემბერზე შემოდის. განსაკუთრებით აქტიურად იჯავშნება 18-22 აგვისტოს პერიოდზე, როდესაც ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალია დაგეგმილი“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

მისი ინფორმაციით, ივნისის დატვირთვა მხოლოდ 2.5%-ია, ივლისში კი ეს მაჩვენებელი იზრდება. სასტუმროს მმართველი ამბობს, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, სასტუმროში Anaklia Resort Pratap's Signature ფასების გადახედვა გაზრდილი ხარჯების გამო არ შეცვლილა.

„გაზრდილი გადასახადების და ხარჯების გამო განთავსების ღირებულების შემცირება ვერ მოვახერხეთ. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომუნალური გადასახადები, ასევე მოგვიწია ხელფასების გაზრდა თანამშრომლებისთვის, რადგან ლარს ის მსყიდველუნარიანობა აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა; შესაბამისად, ფასები არ შეგვიმცირებია“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი და დასძენს, რომ ივნისში განთავსების ღირებულება საუზმით 180 ლარია, ივლის-აგვისტოში კი - 230 ლარი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.