საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წლებია ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სათავგადასავლო მიმართულებაზე კომპანია „აქტივიტი“ მუშაობს, რომელთა ატრაქციებსაც წარმოადგენს კინჩხის ზიპლაინი, თბილისის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, საირმის თოკების პარკი, მარტვილის კანიონის ზიპლაინი და სხვა.
კომპანია „აქტივიტის“ თანადამფუძნებელი და „კანიონი 350-ის“ დირექტორი - გიორგი მერკვილაძე Travel in Georgia-თან ეკო-სათავგადასავლო ტურიზმის მნიშვნელობასა და „აქტივიტის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს:
„მოგზაურების მიერ დახარჯული თანხის დიდი ნაწილი სწორედ სათავგადასავლო ტურიზმზე მოდის. ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება და, ბუნებრივია, რომ საქართველოც ამ ტენდენციის ნაწილია. მარტვილის, ოკაცესა და დაშბაშის კანიონებმა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და არა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის, არამედ მთელი რაიონის განვითარებას შეუწყო ხელი. როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 500 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ამ რიცხვის 70% უშუალოდ კანიონებსა და მღვიმეებზე მოდის.
გარდა იმისა, რომ ტურიზმში კანიონებს დიდი როლი უჭირავს, ასეთი ადგილების განვითარება მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია. ეს კი, შესაბამისად, დამატებითი სერვისების განვითარებას აძლევს ხელს. თუ 10 წლის წინ მარტვილში ორიოდე სასტუმრო იყო, დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საოჯახო სასტუმრო და 10-ზე მეტი რესტორანია. ამ სერვისების უდიდეს ნაწილს ტურისტებს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა სთავაზობს.“ - აღნიშნავს გიორგი მერკვილაძე.
ახლა კომპანია ბალდის კანიონის პროექტზე მუშაობს, რომლისთვისაც დამოუკიდებელი ორგანიზაცია - „კანიონი 350“ შეიქმნა და მის უკან „აქტივიტის“ გუნდი დგას.
გიორგი მერკვილაძის თქმით, კომპანია ლოკალური მოსახლეობის დასაქმებას ანიჭებს უპირატესობას და ბალდის კანიონის სამუშაო პროცესშიც ადგილობრივები არიან ჩარული. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი სრულიად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე და მათ სივრცის სრულფასოვნად დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ:
„მალე ბალდის კანიონზე როლერის ატრაქციაც მოეწყობა. როლერის სპეციფიკა სხვაგვარია - ზიპლაინისგან განსხვავებით, მისი გადაადგილების სიჩქარე გაცილებით ნაკლებია, რაც გარემოს დასათვალიერებლად კიდევ უფრო უკეთესია. აღსანიშნავია ისიც, რომ როლერი საშუალებას გვაძლევს, კანიონმა სრულყოფილად უმასპინძლოს შშმ პირებს და მისცეს მათ ტერიტორიის სრულფასოვნად დათვალიერების შესაძლებლობა როგორც ბილიკის, ისე ატრაქციის მეშვეობით. შესაბამისად, ბალდის კანიონი საქართველოში იქნება პირველი მსგავსი ლოკაცია, რომელიც სრულად ადაპტირდება შშმ პირებზე.
ახლა სამუშაო პროცესში არაერთი ბალდელია ჩართული და ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნის შემდგომ, რასაკვირველია, ადგილობრივები უშუალოდ კანიონზეც დასაქმდებიან.“ - გვიყვება გიორგი მერკვილაძე.
ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს საზოგადოებრივი ჯგუფები პერიოდიულად აპროტესტებდნენ. როგორც გიორგი მერკვილაძე აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობა კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის წინააღმდეგი არ არის და ეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პოზიციაა:
„ბალდელებს არასდროს ჰქონიათ ჩვენს კომპანიასთან და პირადად ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადგილობრივებისგან კეთილგანწყობის მეტი არაფერი გვიგრძნია, სანამ სოფელში კონკრეტული ჯგუფი არ ჩამოვიდა. მათი პოზიცია არ არის მთელი სოფლის პოზიცია. ვიცი, რომ ადგილობრივები პროექტს მხარს უჭერენ, ტურისტებსაც ელოდებიან და საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას სწორედ ამ პროექტს უკავშირებენ.
ისიც მესმის, სოფლის მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა შფოთავდეს, როგორი იქნება პროექტი საბოლოოდ, მათ მინდა ვუთხრა, რომ სიკეთის გარდა ის არაფერს მოიტანს. ერთ-ერთი მთავარი სარგებელი, რაც სოფელს აქვს კანიონზე - საბანაო ტერიტორია - ის პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩება.
სავარაუდოდ, მართლაც არასაკმარისი იყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რაც ეტაპობრივად გასწორდება.“ - აცხადებს გიორგი მერკვილაძე.
მისი თქმით, კომპანია პროექტების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და სამუშაოებს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ასრულებს:
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა პროექტს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ვახორციელებთ. თავს მაქსიმალურად ვიზღვევთ, რათა სარისკო მაჩვენებელთან ახლოსაც არ ვიყოთ. ატრაქცია წელიწადში ორჯერ გაივლის სპეციალურ ტექნიკურ ინსპექტირებას საგანგებოდ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან. ყველაფერს ფუნდამენტურად ვამოწმებთ. სამხარაულშიც არაერთი ტესტი უნდა გავიაროთ. ჩვენ ყველა სხვა ობიექტზეც ამ მიდგომით ვმუშაობთ, რის გამოც, ამდენი წლის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო ექსცესიც არ მომხდარა.“ - გვიყვება გიორგი მერკვილაძე.
„აქტივიტის“ თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გამოყენებული კონსტრუქციები ეკომეგობრულია და კონკრეტული ლოკაციების იერსახეს არ აზიანებს:
„ჩვენ, პირველ რიგში, ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნებით, რადგან სწორედ ესაა ის, რითაც ჩვენს მომხმარებლებს ვიზიდავთ. მაგალითად, მუშაობისას, როდესაც ბილიკი ხესთან მიდის, მას გვერდს ვუვლით ისე, რომ ბილიკმა ხის ფესვებიც არ დააზიანოს. გზას, ძირითადად, ბუჩქებისგან და ეკალ-ბარდისგან ვათავისუფლებთ, რათა ბილიკი გასავლელად უსაფრთხო იყოს. თუ უსაფრთხოების ზომები არ გვავალდებულებს, ბეტონის კონსტრუქციებს მინიმალურად ვიყენებთ.“ - ამბობს გიორგი მერკვილაძე.
ახლა კომპანია „აქტივიტი“ ახალ პროექტზე მუშაობს, რომელმაც ექსპერტიზა უკვე გაიარა:
„მალე ჭიათურაში 1350 მეტრის სიგრძის ზიპლაინი გაკეთდება, რომელიც მთელ ქალაქს თავზე გადაუფრენს. ეს საქართველოში და, ფაქტობრივად, ევროპაშიც ყველაზე დიდი და ლამაზი ზიპლაინი იქნება.“ - გვიყვება გიორგი მერკვილაძე.
ანა შენგელია
travelingeorgia.com