თურნავა: არც იმაში ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს, რომ დავეხმაროთ რომელიმე ადგილობრივ ავიაკომპანიას
„არასწორია ის, რომ რაღაც თანხები გაიცა, მიეცა კომპანიას, მიეცა აირზენას,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ავიაკომპანიების სუბსიდირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, პროცესს, რომელსაც „აეროპორტების გაერთიანება“ უძღვება ჯერ არ დაწყებულა და მათი მხრიდან ტენდერი მზადების პროცესშია.
„აქ მიმართულებების გარკვეული მარკეტინგული მხარდაჭერა მართლაც ხდება და ის, რომ ამ მიმართულებებში ერევანი გაჩნდა, ეს არ არის ჩვენი დიდი სურვილი. სიტუაციამ მოიტანა, ჩვენი თანამემამულეები, ბიზნესი, ტურიზმი ისეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ტურისტული კრიზისის გამო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს მიმართულება დაგვემატებინა. იმისათვის, რომ ეს ლოგისტიკური პრობლემები აბსოლუტურად შეგნებულად შეგვერბილებინა, ლოგისტიკის ნაწილი ჩვენი ტურისტული ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ამას ჩვენი აეროპორტების გაერთიანება უძღვება და ტენდერისთვის ამზადებს. გაიმართება ტენდერი და შესაბამისად ვინც იქნება მოგებული, ის აითვისებს თანხებს, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არც იმაში ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და დავეხმაროთ რომელიმე ადგილობრივ კომპანიას, მითუმეტეს თუ მისი შემოსავლების 60%-ი რუსეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აირზენას ვგულისხმობ“ – განაცხადა თურნავამ.
bm.ge