თურქეთის სასამართლომ ქვეყანაში Booking.com-ის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Associated Press–ი წერს, გადაწყვეტილების მიზეზი თურქეთის მთავარ ტურისტულ სააგენტოსთან Anadolu Agency-სთან მიმდინარე სასამართლო დავა გახდა.
თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ადვოკატების განცხადებით, Booking.com-ი კონკურენციის ადგილობრივ კანონს არღვევდა. როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე საქმის განხილვა ისევ გრძელდება და Booking.com–ის სერვისზე წვდომა "უსაფრთხოების მიზნით" შეიზღუდა. თუმცა სასამართლო აკრძალვის მოხსნის თარიღს ვერ ასახელებს.
Booking.com-მა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი გაავრცელა: „როგორც ელექტრონული კომერციაში ჩართული ტექნოლოგიური კომპანია, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ თურქულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გზით ვმოქმედებდით," აღნიშნულია განცხადებაში.
Booking.com-ის საქმიანობის შესწავლას ითხოვდნენ საქართველოშიც. რამდენიმე თვის წინ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა სოლომონ მენაბდიშვილმა განაცხადი კონკურენციის სააგენტოში შეიტანა. მაშინ ის "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას აცხადებდა, რომ Booking.com-თან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი დებულების მიხედვით სასტუმროებს არ აქვთ უფლება არსებულზე დაბალი ფასი დაუწესონ სხვა ონლაინ პორტალებს (ბუქინგკომის კონკურენტებს). როგორც მენაბდიშვილი განმარტავდა, თვითონ სასტუმროსაც თავის ვებ-გვერდზე არ შეუძლია უფრო დაბალი ფასის დაწესება. როგორც მენაბდიშვილი განმარტავდა, აღნიშნული დებულების გამო Booking.com დააჯარიმეს საფრანგეთსა და გერმანიაში.
კონკურენციის სააგენტომ სოლომონ მენაბდიშვილის განცხადება შეისწავლა, თუმცა Booking.com-ის საქმეზე მოკვლევა არ დაუწყია. როგორც ნოდარ ხადურის უწყებაში განმარტეს, სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავდა რაიმე კონკრეტულ მითითებას Booking.com-ის სახელშეკრულებო პირობებით საქართველოს ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. „სააგენტოს მიერ გამოკითხული ეკონომიკური აგენტებისაგან არც ერთს გამოუთქვამს უკმაყოფილება Booking.com-ის საქმიანობასთან მიმართებით; პირიქით, მათი უმრავლესობა Booking.com-ს საკუთარი მომსახურების საჯაროდ შეთავაზების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს და ქართული ტურისტული ბიზნესის განვითარებაში აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს", - აცხადებდნენ კონკურენციის სააგენტოში.
კომპანია Booking.com სასტუმროების, ჰოსტელებისა და გესთაუსების მეპატრონეებს მსოფლიო მასშტაბით აძლევს საშუალებას, საიტზე განათავსონ ინფორმაცია გასაქირავებელი ნომრებისა და ოთახების შესახებ. Booking.com მსოფლიოში ამ სერვისის შემთავაზებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსია, რომელსაც მოგზაურები აქტიურად იყენებენ ნომრების დასაჯავშნად.
COMMERSANT.GE