თუშეთი-ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის პროექტი ფიზიკურად ვერ ხორციელდება - ცქიტიშვილი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი კვლევა დასჭირდა მთავრობას პანკისი-თუშეთის გზასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ფიზიკურად ვერ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით.
მისი თქმით, გზა დაახლოებით 500 მლნ ღირებულებისააა და შესაძლოა, წლების შემდეგ ეს ფასი ან ტექნოლოგია იყოს გამართლებული ამ გზის გასაყვანად.
"დაახლოებით 500 მილიონი ჯდება თუშეთი-ხევსურეთის გამაერთიანებელი გზის გაყვანის პროექტი, რასაც ასევე, მძიმე კლიმიტური პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში გამოვიყენებთ და შესაბამისად ცხადია, რომ ამ პროექტს ვერ განვახორციელებთ", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეისთვის პროექტებში დასაქმებულია 33 500 ადამიანი, აქედან 31 500 არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, დასაქმებული პირების მხოლოდ 6% არიან უცხოელები.
"მაგალითად გზების პროექტებზე 9 უცხოური კომპანია მუშაობს და ამ 9 კომპანიას ჯამში ჰყავს დასაქმებული 1786 მოქალაქე. ამდენად, უცხოურ კომპანიებს ვალდებულება აქვთ რომ პროექტებში დაასაქმონ არანაკლებ 70% საქართველოს მოქალაქეებისა. მიზეზი, თუ რატომ არიან დასაქმებული უცხოელები არის ის, რომ სამწუხაროდ ხშირად არ გვყავს სათანადო კვალიფიკაციის დონის ინჟინრები, დამგეგმარებლები, რომლებიც არის საჭირო იმისთვის, რომ არსებული დონის სამუშაოები აწარმოონ და მართონ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
www.bm.ge