ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთის აეროდრომი – გიორგი კვირიკაშვილის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შეჩერებულია
22 აპრილი, 2019

“თუშეთში აეროდრომი ახლო მომავალში ვერ აშენდება”- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE-ს განუცხადა. მიზეზად კი მან თუშეთში გზების პრობლემა დაასახელა, რის გამოც ადგილზე აეროდრომის მშენებლობისთვის საჭირო მასალის ატანა ვერ ხერხდება. თუმცა, ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გზების მოწესრიგებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ომალოს აეროდრომზე bm.ge 2016 წლიდან წერდა. 2016 წლის 2 დეკემბერს აეროპორტების გაერთიანება აცხადებდა, რომ თუშეთის აეროდრომის წინა საპროექტო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კლიმატური პირობების გაუარესების გამო თუშეთის აეროდრომის მშენებლობა გაჭიანურდა. 2018 წლის იანვარში კი აეროპორტების გაერთიანებაში დაგვიდასტურეს, რომ აეროდრომის წინასაპროექტო სამუშაოების დამთავრება 2018 წლის მაისში იგეგმებოდა. თუმცა, მას შემდეგ წინასაპროექტო სამუშაოები კვლავ არ დასრულებულა.

“თუშეთში აეროდრომის მშენებლობა ვერ განხორციელდება ახლო მომავალში. ამ ეტაპზე თუშეთში სწრაფ მოხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ვერტფრენების სისტემასთან დაკავშირებით და ეს უკვე კომერციულ ხასიათსაც მიიღებს,”-კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

ომალოს აეროდრომის მშენებლობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. თუშეთში, კერძოდ, სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.