თუშეთის გზა ისევ ჩაიკეტა. მიზეზი წყლის დონის აწევა და გზაზე გადმოსვლა გახდა. ამ დროისთვის გზის 56-ე კილომეტრზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია. წყლის მასა 3-დან 8 მეტრამდეა გაზრდილი.
თუშეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, თუშეთის გზაზე დაგუბებული წყალი გზაზე გადმოვიდა და დღეს საღამომდე ან მაქსიმუმ ხვალამდე მთლიანად თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას ჩაკეტავს. მათი ინფორმაციით, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირება მოხდეს.
„გვესმის, რომ მთელი საქართველო ბორჯომის ტყეში მძვინვარე ხანძარს ებრძვის, მაგრამ გთხოვთ სასწრაფოდ სათანადო ყურადღება მიაქციეთ თუშეთის გზას, რადგან ის არის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა და მისი ჩაკეტვა ნიშნავს უდიდეს ზარალს მთელი რეგიონისათვის (ჯერ ისედაც წელს გზა 1 თვის დაგვიანებით გაიხსნა)“-აცხადებენ თუშეთის განვითარების ფონდში.
ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის არც დასახლება არც რამე სხვა, საშიშროება მხოლოდ გზის დიდი ხნით ჩაკეტვაშია. ახმეტის გამგებელი აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილზე უკვე მუშაობს და გზა სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება.
„ამ მომენტისთვის გზის სავალი ნაწილი ფაქტობრივად, ჩაკეტილია, წყლითაა დაფარული და გადაადგილება შეუძლებელია. სამინისტროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გზა ხვალისთვის გახისნება თუ რაიმე სხვა პრობლემა არ წარმოიშვა“-აცხადებს ბაიდაური.
მისი თქმით, გზის ჩაკეტვის მიზეზი მთის მასივის ჩამონგრევა გახდა. როგორც ბაიდაური აცხადებს, თუშეთში მცოცავი ქანებია, ამიტომ მსგავსი პრობლემებიც აქედან გამომდინარეობს.
კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მიმდინარე პრობლემა რეგიონში არსბეულ ტურისტულ სეზონს, ბაიდაური აცხადებს, რომ თუ დროულად ვერ მოხერხდა გზის აღდგენა რა თქმა უნდა, შეუშლის, თუმცა, მისივე მტკიცებით, ამის მხოლოდ თეორიული შანსია.
როგორც მოგეხსენებათ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge