თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ, 25 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშოების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. კერძოდ, რამდენიმე ასეულ მეტრზე დაგუბებულია წყლის მასა, რომლის გაწმენდაც მიმდინარეობს.
„ადგილზე ასაფეთქებელია ბევრი რამე, ახალი გზის გაყვანა და ახალი ყრილების გაკეთებაც მიდის. გზის 600 მეტრიანი მონაკვეიდან 100 მეტრია დარჩენილი. ახლა ყველაზე რთული მონაკვეთი დაგვრჩა. ვიმედოვნებთ, რომ 25 ივნისისთვის გზა მზად იქნება, რომ ტრანსპორტი გავატაროთ"-აცხადებს სეთურიძე.
მისი განმარტებით, გზის გახსნის შემდეგ გაგრძელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. სეთურიძე განმარტავს, რომ გზა გაიხსნება და წლევანდელ ტურისტულ სეზონს საფრთხე არ დაემუქრება. მისი განმარტებით, ამ დროისთვის სამუშოებისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.
როგორც ცნობილია, ორ თვეზე მეტია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. მიზეზი მეწყერი გახდა, რის გამოც ფშაველი-ომალო-თუშეთის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება შეუძლებელია.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge