ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
მათი ინფორმაციით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება ₾49 მლნ იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.