ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თვალადში მოსალოცი ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა
15 ოქტომბერი, 2018

კასპის მუნიციპალიტეტში ,სოფ. თვალადის „მოსალოცი“ ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

„მოსალოცი“ ეკლესია მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში,სოფ.თვალადის ბოლოს, იგი მიეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დგას ფერდობზე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია სოფლის სიახლოვეს მდებარეობს, მასთან მისვლა გაძნელებულია, გზიდან ციცაბო ბილიკი მიემართება ძეგლამდე.

სააგენტოს ცნობით, შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ინტერიერი გაიწმინდა სქელი მიწის ფენისგან და მოიჭრა დიდი ოდენობის მიწა ეკლესიის გარშემო.მოეწყო ხარაჩოები გარე პერიმეტრზე, აღდგა კამარის ჩამონგრეული ფრაგმენტი. გადახურვა გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, გადაეწყო საპირე წყობები ფასადებზე ,აღდგა დაკარგული საფასადე წყობა ოთხივე კედელზე. შესრულდა კედლებზე გამოქარული წყობის ამოლესვა და ბზარების ინექტირება. აღდგა აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტონები ,შესასვლელის თაღი და კედელი მის თავზე. მოეწყო კარნიზი მთელ პერიმეტრზე , კრამიტის საფარი და ჩაეწყო რკინაბეტონის სარტყელი მთელ პერიმეტრზე. ამოშენდა საყრდენი კედელი დასავლეთით და სამხრეთით, ეკლესიის გარშემო და ინტერიერში დაიგო ფილაქნის ქვის იატაკი.
ტრაქტორის დახმარებით გაჭრილია სამანქანე გზა ძეგლამდე.
სამშენებლო მასალად კედლის წყობაში გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის ფიქალური ქვები და დიდი ზომის ბრტყელი, უსწორმასწორო კონტურის კვადრები

სამუშაოები ი/მ „ვაჟა მენთეშაშვილი ნეველი-2“-მა შეასრულა.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.