საქართველოს ბუნების კონტრასტულობა ისტორიულად განაპირობებდა ტყის განსაკუთრებულ როლს ქართველი ხალხის ცხოვრებაში, მისი მოვლა-პატრონობის მრავალფეროვან ტრადიციებსა და ზომიერი ექსპლუატაციის ფორმებს.
ისტორიულად და ტრადიციულად ყველა ქართული სოფელი ტყის გარემოცვაში ან ტყესთან ახლოს მდებარეობს. სოფლის დასახლების ტრადიციული ფორმა კარგად ჩანს ზეპირმეტყველებაშიც ,,სოფელი ტყისპირსა და წყლისპირსაო”.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცხოვრებაში ტყის ყოველწლიური მოხმარება უამრავ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ხე უმიზნოდ არ იჭრებოდა და ხალხური წესით ხის მოჭრა მის დაცვა-მოვლასაც ვარაუდობდა.
ხალხში შემორჩენილი ემპირიული ცოდნა, რომელიც აქ გავრცელებული ჯიშების ზრდა-განვითარებას, ანატომიურ აგებულებას, მის ცალკეულ დადებით თუ უარყოფით თვისებებს რომ ეხება, ნათლად გვიჩვენებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა ამ ჯიშების მოვლა-გამოყენების გარკვეული გამოცდილება და პრაქტიკა.
სწორედ გარემოსთან შეგუების პროცესში მივიდა ადამიანი მისი ეფექტური გამოყენების მეთოდებთან.
საუკუნეთა განმავლობაში წარმოებულმა ტყითსარგებლობის პრაქტიკამ ადამიანს საშუალება მისცა მისთვის საჭირო ხე-ტყის თვისებები გამოეყენებინა სამეურნეო მიზნებისათვის.
ამ მხრივ ყურადსაღებია ხალხური გამოცდილება სამასალე ხის ჯიშების შერჩევის დროს. ხის შერჩევის წესი ძველი დროიდან მიმდინარეობს.
ყურადღება ექცეოდა მერქნის რაობას, ხის სისწორეს, ანატომიას: მუხის ხე გამოიყენებოდა ბოძებად, კოჭებად, ფიცრებად. ვისაც ბოძებად მუხა ჰქონდა ის სახელიან, სანაქებო ოჯახად ითვლებოდა. წიფლის ხე – ნივნივებად, ფიცრებად და ა.შ. ფიცრებად ,,ბებერ” ზრდადასრულებულ ხეებს არჩევდნენ, ლარტყად – ნედლს, საწვავად – გამხმარ ხეებს და ა. შ.
საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ტყის ექსპლუატაციის ხალხური წესების შესწავლამ გამოავლინა მოსახლეობის მიერ მისი გამოყენების რაციონალური მეთოდები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტყის მასიური განადგურებისაგან დაცვის საქმეში.
ტყის ხელაღებით გაჩეხვა ხალხური ცხოვრების წესს არ ესადაგებოდა. ტყის ექსპლუატაციის ხალხური მეურნეობა განპირობებული იყო მისი მოხმარების პრაქტიკული ხასიათით. კერძოდ, ხის მოჭრა სამასალედ შეიძლებოდა მხოლოდ ზაფხულში და შემოდგომაზე, საშეშე_ გვიან შემოდგომაზე ,,როცა ხე ფოთოლდაყრილია”, საავეჯე ხის – შემოდგომის დასაწყისში და ა.შ.
გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მოსახლეობა იცავს გარკვეულ წესებს წლის სეზონის, მთვარის ფაზების მიხედვით. მნიშვნელობა ენიჭება დღეს და რიცხვებსაც.
მაგალითად, ხის მოჭრა არ შეიძლება ოთხშაბათ და პარასკევ დღეს, კარგ დღედ ითვლება ხუთშაბათი. ახალ მთვარეზე არ ჭრიდნენ, ,,ხე ზრდაშია და მალე და ჭიანდებაო”. როგორც წესი, ხე იჭრებოდა ტყის შუაგულში. ტყის პირებზე, სოფლის ახლოს, სახლის თავზე – ტყის გაჭრა არ შეიძლ;ებოდა.
ტყის დაცვის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტყის დიფერენცირებულ განვითარებას, რომელიც ადრეული ხანიდანაა ცნობილი საქართველოში: სასარე ტყე, საკაფი ტყე, საჯალჯე ტყე, და ა.შ. სასარე მეურნეობის პროტოტიპია რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული საბელავი და ნამოშვარი ტყეები.
ეს კორომები ერთობლივად ტყის დაცვას და მის ბუნებრივ განახლება-გაახალგაზრდავებას ემსახურება.
ნამოშვარ ტყეს თვალდათვალ დაყოფდნენ რამდენიმე ნაწილად. თითო ნაწილი თითო წელს პირწმინდად ძირზე გადაიჭრებოდა და საჭიროებისამებრ გამოიყენებოდა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყველა ნაწილს მოუხდებოდა გადაჭრა. მის ადგილზე ახალი ხემცენარეები ამოიყრიდა. თაობათა ცვლის ასეთი პროცესი განაპირობებდა მცენარის სიცოცხლისუნარიანობას.
საბელავებად ბუნებრივ ტყეებსაც იყენებდნენ და ხელოვნურსაც. ხელოვნური ხრიოკ ადგილებში გაშენდებოდა.
მნიშვნელობა ჰქონდა ხის ჯიშებსაც: მშრალ ადგილებში წიფელა, რცხილა, თუთა, იფნი, აკაცია და სხვ. გაშენდებოდა. ნოტიოში – ტირიფი, ვერხვი და სხვ. იცოდნენ ნედლი, გაუქერქავი სარების ჩარჭობაც, რომელიც ორ-სამ წელიწადში საბელავებად იქცეოდა. საბელავი ტყე საქონლის საძოვრად და სათიბად გამოიყენებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ცნობილი ,,წვრილი ტყეებიდან”, შეშა, სარი, ჭიგო, წნელი გამოჰქონდათ და ,,მსხვილი ტყეები” – სამშენებლო მასალებისთვის გამოიყენებოდა.
არაგვის ხეობაში, კერძოდ გუდამაყარში, ტყის ექსპლუატაციის ხალხური კლასიფიკაცია წარმოდგენილი იყო შემდეგნაირად: ჯაგიანი (კუნელი, ასკილი, კვინჩხი, ძახველი სოფლის ახლოს), აყრილი (მუხა, თამელი, თეთრცილა, შავრცხილა და სხვ – მაღალი ტყე) წვრიმიანი (მთაში არყიანს უწოდებენ).
აჭარაში ტყის მოხმარების ხალხურ ტრადიციაში საჩეხი ტყეების გვერდით ფართო გავრცელებას პოულობდა საფუტკრე ტყეები ე.წ. ,,საბოგი ტყე”, ფუტკრის მოსაშენებლად. ტყე დაყოფილი იყო გვარების მიხედვით. იქ ტყის მოხმარება და უცხო პირის შესვლა აკრძალული იყო.
ქართლში გამოყოფილი იყო ,,სანახშირე ტყეები” სადაც მენახშირეები უძღვებოდნენ თავიანთ მეურნეობას და სხვა.
საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა იცავდა ტყის ფაუნას. ცნობდა და იცავდა იმ ფრინველებს, რომლებიც ხის ჭიებს ებრძვიან, კერძოდ არ კლავენ ხის ტილას, წიწკანას, ,,ტყეს ჭია აფუჭებს, ორი წლის წინ აბლაბუდასავით მოედო მზომელა, გრძელდება, ფოთოლს ჭამს, შარშან მუხაზე გაჩნდა და მაისში სულ გაკაფა ტყე. ჭიპრია ფუღუროში ბუდობს, ჩირჩილა კანში უჩნდება, თეთრი მოზრდილი ჭიაა”. ,,მაჟაურა თეთრი ჭიაა ხისა – იმას კოდალა ებრძვის. შავი ჭიაც არის ჭინჭრის ჭიას გავს, ისინი უფრო პატარებია ფოთოლზე იცის. იმას ხის ტილა ჭამს” და ა.შ. ამრიგად, ტყის მოხმარების ხალხური წესების შესწავლა ავლენს ტყესთან ურთიერთობის კულტურასაც.
ხალხის პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე გამომუშავდა მრავალი საყურადღებო წესი, რომელიც შეესაბამება არა მარტო საოჯახო ან სამეურნეო მოთხოვნებს არამედ უპირველესად, ტყის საფარის რაციონალურ გამოყენებას და დაცვას, რაც შესანიშნავად გამოხატა ქართველმა გლეხმა ზეპირმეტყველებაშიც: ,,ტყეს როცა ჭრი, შენ შვილზე იფიქრეო”.
ავტორი: თამილა ცაგარეიშვილი. სატყეო მოამბე.
Agrokavkaz.ge