წითელი რკო“, ქვევრში მოწყობილ ბუხარში აშიშხინებული მწვადი, ზემო იმერული სამზარეულოს მასტერკლასები და ,,წერეთლის მწვადი”, - უჩა მაჭარაშვილის მარნის გასტრონომიული კოზირებია. არჩევანს თუ უჩას ღვინის სახლზე
უჩას ღვინო Ucha's wine გაკეთებთ, დაუვიწყარი თავგდასავლის გმირიც გახდებით – გვპირდება გეოგრაფი და მოგზაური გიორგი დვალაშვილი.
უჩა მაჭარაშვილის მარნისკენ მიმავალი ღვინის გზა აკაკის ძიძისეულ სოფელ - სავანეზე გადის. იმერული კარმიდამოს შუაგულში ჩადგმული ხის კოპწია ოდა, თვალის შევლებისთანავე გითრევს წარსულში და აკაკის„თავგადასავალში“ მოგზაურობაც იწყება.
მახლობლად, პატარა გორაკიდან სავანის წმინდა გიორგის მე-11 საუკუნის ტაძარი გადმოგვყურებს. შემაღლებულ სერს აირბენ და საყდრის კარიბჭესთან თვალწინ კიდევ ერთხელ გაირბენს წარსული. უყურებ საუკუნებგამოვლილ გენიალურ ქმილებას და ქართველობა გეამაყება.
მომდევნო გაჩერება, ხის უბადლო ოსტატის სახლში მოწყობილი მუზეუმია. ჯემალ ყაველაშვილი „ბუნებაში წაკითხული წიგნებიდან“ შექმნილ ულამაზეს ფიგურებში, ხის ორიგინალურ სასმისებსაც შენიშნავთ... არჩევანი თქვენზეა. ხის ორიგინალური სასმისით ღვინის დაჭაშნიკება, უჩას ღვინოსაც ერთიორად საამოს გახდის.
უჩას მარნამდე კიდევ ორი სახლ-მუზეუმი უნდა მოვინახულოთ, - პაოლო იაშვილის და მუხრან მაჭავარიანის მშობლიური კერა. ახლოს ეხები ორი გამორჩეული ქართველის ბავშვობიდან დაწყებულ ცხოვრებას და ემოციური ქართული თავგადასავალი გრძელდება.
სოფელი მახათაური. კოხტად მოწყობილ კარმიდამოს, განსაკუთრებულ ლაზათს იმერულ ყაიდაზე მოწყობილი მარანი სძენს.
უჩა მაჭარაშვილი პროფესიით სამხედროა, როგორც თვითონ ამბობს: „18 წელია ფორმა აცვია“.მეღვინეობაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შთაგონების მუზა, მეუღლის მამაპაპისეულ მიწაზე შემორჩენილი ძველი ზემო იმერული ტიპის მარანი და საუკუნოვანი ქვევრები გახდა. ხელები დაიკაპიწა, ძველი მარანი შეაკეთა, ვენახებიც შემატა და 2018 წლიდან, ოჯახური ტრადიცია, მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტად და ემოციურ იმერულ გარემოდ აქცია.
იმერულ ყაიდაზე გამართული მარანი, ქვებით მოხატული საქართველოს კონტური, ქვევრში მოწყობილ ბუხარში მომზადებული კულინარიული შედევრები, ნაირ-ნაირ სიუჟეტში გაცოცხლებული წარსული და ეზოში მოწყობილი ტერასებიდან ულამაზესი პეიზაჟების ცქერა,იმ ემოციის მცირე ნაწილია, რომელიც ადგილზე მისულს გხვდება. თავის დროზე, გიორგი დავალშვილიც ამ ემოციამ მიიყვანა უჩა მაჭარაშვილის ღვინის სახლამდე...
ვიდრე მამაპაპური იმერული სუფრა გაიშლება, კეცზე „დაპიწკინებული“ ხაჭაპურის მასტერკლასებშიც გაურევ ხელს და შენთვის საგანგებოდ მომზადებული ხმელი ყველის ხარჩოც სასიამოვნოდ გაგაოცებს, უჩას ღვინოები უნდა დააჭაშნიკო. არჩევანი მართლაც ბევრია:
-
ციცქა ცქრიალა;
-
ცოლიკოური;
-
ძელშავი წითელი და ძელშავის როზე;
-
თეთრი და წითელი რკო.
მრავალფეროვანია კუპაჟების ჩამონათვალიც:
- ციცქა-ცოლიკოური; რკო და ძელშავი; ციცქა-ცოლიკოური და რკო.
წელს, ციცქა-ცოლიკურს და რკოს, ძელშავიც შეემატა. ჯიშური არომატების ჰარმონიული შერწყმა, ღვინის მოყვარულებს კიდევ ერთი განსხვავებული ბუკეტით მონუსხავს.
იშვიათი და მივიწყებული იმერული ვაზის ჯიშები, რომლებიც უჩამ შეარჩია და აღადგინა, განსაკუთრებით კარგად ერგება მახათაურის მევენახეობის ქვეზონას. სამომავლოდ ზვრების გაფათოებასაც გეგმავს. უკვე კარგად ცნობილ „უჩას ვენახებს“ კი, ბიო და ბიოდინამიური საშუალებებით უვლის. სიმღერა ხომ გაგიგონიათ, - ტუჩი ღვინოს ეტანებაო. ტუჩს რომ ვერ მოწყვეტ, მართლაც ისეთი საუცხოოა უჩას ღვინოები...
წითელი რკოს ღვინო, უჩა მაჭარაშვილის მარნის სავიზიტო ბარათია. ვაზის ამ ჯიშის ღვინოს, საქართველოში მხოლოდ უჩა აწარმოებს. მართალია მცირე რადენობით, თუმცა ფიქრობს, რომ სამომავლოდ სწორედ წითელი რკო გახდება „უჩას ღვინის“ რჩეული ბრენდი.
ნატურალური სოფლის ნობათისგან მომზადებული კერძებით დამშვენებული იმერული სუფრის დაუვიწყარ ემოციას, შუა პურობისას „წერეთლის მწვადის“ გამოჩენა აგვირგვინებს. გიორგის ემოციასაც, ყველაზე მგრძნობიარედ, სუფრის ეს ეპიზოდი ეხება. მარილით შეზავებული და მოხალული „კვახის გულები“, მარხვის პერიოდში, კურიოზის მთავარი გმირიც ბევრჯერ გამხდარა, - მარხვაზე მყოფ საპატიო სტუმრებს მოკრძალებით უთქვამთ უარი მასპინძლებისგან შეთავაზებულ „მწვადზე“.
თუ გსურთ გვიამბოთ თქვენი ღვინის სახლის შესახებ, ან სურვილი გაქვთ შექმნათ თქვენი საოჯახო მარნის განსხვავებული და საინტერესო ისტორია, მოგვწერეთ. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას...
სტატიის ავტორი: შორენა მერკვილაძე
dmo.ge/contact