ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცნობი ნავარძეთის ისტორიის ფრაგმენტები და ტურისტული პოტენციალი
07 ივნისი, 2022

საქართველოში მრავლადაა ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი მოგზაურობის მოყვარულებისთვის, მათ შორისაა ნავარძეთი, სოფელი, რომელმაც ისტორიულ ძეგლებსა და ლეგენდებში დღემდე შემოინახა წარსული დიდების კვალი. სოფლის ბუნების საოცრებები და ხელთუქმნელი სილამაზე, არც ექსტრებისა და ლაშქრობის მოყვარულებს დატოვებს გულგრილად...

გეოგრაფიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, წლებია აქტიურად მუშაობს საქართველოს, მათ შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი და ტურისტულად საინტერესო ადგილების აღმოჩენა-პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამ ექსპედიციების შედეგია, არაერთი მღვიმის, ტბის, გეოგრაფიული ფენომენის, ეთნოგრაფიული ძეგლისა თუ ისტორიული ფაქტის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის... ამჯერად ბატონი გიორგი ნავარძეთში გვამოგზაურებს...

ეს ნავარძეთია 

ჭიათურიდან ოთხიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, ულამაზეს სოფელს- ნავარძეთს მიადგებით.  სოფელი მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო თვალსაზრისითაც. აქ გადის ქვემო იმერეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სარკინიგზო მაგისტრალი. სწორედ სტრატეგიული მდებარეობის გამო იყო, რომ სოფლის ტერიტორიაზე გადიდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო-საქარავნო გზა. სოფელიც ყოველთვის მჭიდროდ იყო დასახლებული, რაზეც  სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტებიც მეტყველებს. ისტორიულ წყაროებში კი, სოფელი მეთერთმეტე საუკუნიდან მოიხსენიება...

თირის მიძინების ტაძარი და ლეგენდა

პირველი, რაც სოფლის ტერიტორიაზე მოხვედრისთანავე იქცევს ყურადღებას, თირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. ტაძრის მახლობლად დღემდე შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ქვაბულები მოწმობს, რომ ამ ადგილზე საუკუნეების წინ, საკმაოდ მძლავრი სამონასტრო კომპლექსი არსებობდა. ერთ-ერთი ქვაბულიდან მიწისქვეშა გვირაბი იწყება. გვირაბი კლდეშია გაყვანილი და თავის დროზე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ მისი მეშვეობით უკავშირდებოდნენ მდინარე ყვირილას მეორე მხარეს მდებარე ნავარძეთის ციხეს.  მეოცე საუკუნეში,  ფართოლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობისას,  რამდენიმე სარკინიგზო გვირაბიც გაკეთდა. სწორედ მაშინ დაზიანდა და ჩაიხერგა ძველი, ისტორიული გვირაბიც და ამჟამად უფუნქციოდაა დარჩენილი.

ხალხის ხსოვნაში დღემდე შემორჩენილი თქმულება მოგვითხრობს, როგორ იხსნა მონასტერში მოღვაწე ბერები მტრის შემოსევისგან ქვაბულების გარშემო მოდებულმა სურომ: დამპყრობლებს ერთ-ერთი შემოსევის დროს, ამ ადგილზეც გაუვლია, თუმცა ბერების სენაკები და ქვაბულები მთლიანად სუროსგან ყოფილა დაფარული და მტერმა სამონასტრო კომპლექსი ვერც შენიშნა. ასე გადაურჩა მონასტერი და მისი მკვიდრნი მომხდურთაგან რბევას და აწიოკებას. გამოქვაბულების ნანგრევების გარშემო სუროს სიმრავლე დღემდე შეინიშნება.

რაც შეეხება თირის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიას,  შუა საუკუნეების ძეგლია. როგორც ჩანს მისი აღდგენა  რამდენიმეჯერ მოხდა. ძალიან ახლოს მდებარეობს სარკინიგზო მაგისტრალთან. წლების მანძილზე ტაძრის მახლობლად ბაქანი იყო გამორთული. ტაძრის სიახლოვეს სარკინიგზო გაჩერება, მართლაც იშვიათი შემთხვევაა. წლების წინ, ტაძარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, - ან უნდა დაენგრიათ, ან რკინიგზის სადგურად გადაეკეთებინათ, არსებული ინფორმაციის მიხედვით ადგილობრივებმა მისი დაცვა შეძლეს. საგულისხმოა ტაძარში შემორჩენილი ნუსხური და მხედრული წარწერები, მათი ნაწილი დაზიანებულია და სრულად არ იკითხება. ვფიქრობ შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის საინტერესო საკვლევ ობიექტს წარმოადგენს.

ნავარძეთის ციხე

მდინარე ყვირილას მარჯვენა მხარეს, ოდნავ შემაღლებულ ბექობზე, აუცილებლად შენიშნავთ ციხის ნანგრევებს. იქ მოხვედრა საფეხმავლო ბილიკებითაა შესაძლებელი. ეს ნავარძეთის ციხეა, შუა ფეოდალური ხანის ძეგლი, ნავარძეთის ისტორიის უტყვი მემატიანე. ეს ადგილი არაერთგზის ქცეულა შიდა დაპირისპირებისა თუ გარეშე მტერთან ბრძოლის ველად, ბრძოლებთან ერთად ჟამთასვლამაც არანაკლებ დააზიანა და ერთ დროს საკმაოდ დიდი ციხესიმაგრე, მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი...  

გიორგი დვალაშვილი:  

_ ციხე კარგი ბუნებრივი მდებარეობით გამოირჩევა. გაუთავებელმა თავდასხმებმა, რასაც დროდადრო შიდა დაპირისპირებები და ბრძოლებიც ერთოდა, კვალი იჩენდა და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებიღა შემოგვრჩა.

ეს ტერიტორია საწერეთლოში შედიოდა. 1709 წელს  ისტორიული წყაროების მიხედვით, ციხესიმაგრე იმერეთის მსხვილმა ფეოდალმა,  ქველი წერეთელი დაიკავა. ციხეში მდგარი ზარბაზნები  კაცხის ციხეში გადაიტანა, ციხეს კი თავად დაეპატრონა.  

შემდგომ პერიოდში, ნავარძეთის ციხე ჩანს  იმერეთის მეფის - ალექსანდრე მეხუთის ცხოვრებაშიც, 1740-1741წწ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ ტყვედ ჩაიგდო  ქართლის სააბაშიძოს ხელმძღვანელი ვახუშტი აბაშიძე და ნავარძეთის ციხეში გამოკეტა.

ცნობილია, რომ გიორგი VI- იმერეთის ჯარით, სამეგრელოს აღების შემდეგ ნავარძეთის ციხესაც მოადგა და აიღო. ნავარძეთის ციხესთან ერთად, გიორგი აბაშიძის ვაჟმა, პაატამ, გიორგი მეექვსეს უბრძოლველად დაუთმო კაცხის ციხეც. ამით ისარგებლა გიორგი VI-მ, აბაშიძე სვერის ციხეში გამოკეტა, ტყვეები კი გაყიდა.

ისტორიული გვირაბი

ჭიათურიდან სოფელ მორძგვეთისკენ თირის გავლით მოგზაურობისას, აუცილებლად შენიშნავთ  გვირაბს, რომელიც 117 წლის წინაა აგებული, რომლის საშუალებით ჭიათურა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით ზესტაფონს უკავშირდებოდა.

ნავარძეთის ტურისტული პოტენციალი

სოფელ ნავარძეთის მიდამოები საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო ადგილი სხვადასხვა მიმართულების ტურებს მოსაწყობად. თირის ეკლესიიდან დაახლოებთ ათი მეტრის შემდეგ ულამაზეს ჩანჩქერთან მოვხვდებით. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია ექსტრებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის. სწორედ ამ ადგილიდან იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მარკირება, რომელიც თირის ციხის გავლით, კაცხის სვეტამდე მივა. მარშრუტის გავლისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, მოგზაური ბუნების ძეგლებს და სხვა ლოკაციებსაც გაეცნობა. რაც ყველაზე მთავარია, ასეთ პატარა მონაკვეთზე, ამდენის სანახაობა, ასეთი საინტერესო და კომპლექსური მარშრუტები რომ ერთად იყოს თავმოყრილი, იშვიათობაა საქართველოში.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

ფოტო: ნავარძეთის ფეისბუქ გვერდი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.