კომპანია Mercer-მა უცხოელებისთვის ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქების ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქების ამ ჩამონათვალს, ზოგადად, ცხოვრების ღირებულების დადგენის პრეტენზია არ გააჩნია - ესა თუ ის ქალაქი, რომელიც რეიტინგში ძალიან ძვირებს შორის მოხვდა, შესაძლოა ადგილობრივებისთვის შედარებით იაფი იყოს.
რეიტინგი განიხილავს მხოლოდ უცხოელებისთვის ცხოვრების ღირებულებას, რომელიც ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ათვლის წერტილად აღებულია ნიუ-იორკი, სადაც Mercer-ის შტაბ-ბინა მდებარეობს. დანახარჯები და ქვეყნების ადგილობრივი ვალუტების მერყეობა დოლარებში ითვლება. რეიტინგის შედგენისთვის რამდენიმე კრიტერიუმი ფასდება - საცხოვრებელი ფართის ქირა, ტრანსპორტის, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, ოჯახური ნივთების, გართობის და სხვა საქონლის თუ სერვისის ღირებულება უცხოელი მოქალაქეებისთვის.
სულ გათვალისწინებულია 200-ზე მეტი კრიტერიუმი. მონაცემი ასახვას 2021 წლის მარტში შექმნილ ვითარებას.
Mercer-ის ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიების და დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი - 2020 წლის რეიტინგში ის მე-2 ადგილზე იყო.
მეორე პოზიციაზე ჰონკონგი, რომელის გასულ წელს პირველი იყო. მესამე ადგილზე მოულოდნელად ავიდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი, რომელიც 2020 წელს 45-ე ადგილზე იყო.
ასეთი სწრაფი დაწინაურების მიზეზებია ფინანსური კრიზისი ქვეყანაში და ქალაქის პორტში მომხდარი გრანდიოზული აფეთქება, რომელმაც 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, და უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა - რასაც სხვა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირება ავტომატურად მოჰყვა.
პირველ ათეულშია ასევე ტოკიო, ციურიხი, შანხაი, სინგაპური, ჟენევა, პეკინი და ბერნი.
მსხვილ ქალაქებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს სეული (11), ნიუ-იორკი (14), რომელმაც პანდემიის და საპროტესტო გამოსვლების გამო 1 წელიწადში 8 საფეხური დაკარგა, თელ-ავივი (15), ლონდონი (18), პარიზი (33), ვენა (37), დუბაი (42), ბანგკოკი (46), რომი (47), ვაშინგტონი (51), ბრიუსელი (53), ბერლინი (60), მადრიდი (62), სტოკჰოლმი (72), პრაღა (90), ტორონტო (98), ჯაკარტა (104), ათენი (115), დელი (117), ჰავანა (134), კაირო (137) ჰანოი (139), ბუდაპეშტი (162), ბელგრადი (163), ვარშავა (164), სტამბოლი (173), კეიპტაუნი (178), და რიო-დე-ჟანეირო (191).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ტრადიციულად უცხოელებისთვის ყველაზე ძვირი ქალაქია მოსკოვი, თუმცა, რუსეთის დედაქალაქი 1 წელიწადში რუბლის დევალვაციის გამო 41 პუნქტით ჩამოქვეითდა და 62-ე ადგილი დაიკავა.
მოსკოვის გარდა რეიტინგში მოხვდნენ რიგა (97), სანქტ-პეტერბურგი (119), ტალინი (132), ვილნიუსი (143), კიევი (197), ბაქო (172), ალმატი (193), ერევანი (195), მინსკი (197) და ტაშკენტი (203).
თბილისი რეიტინგში უცხოელებისთვის 3 ყველაზე იად ქალაქს შორისაა - ის 207-ე ადგილზეა. საქართველოს დედაქალაქს უსწრებენ მხოლოდ ანგოლას დედაქალაქი ლუსაკა (208) და Mercer-ს თანახმად, ყველაზე იაფი ქალაქი - ყირგიზული ბიშკეკი - ბოლო 209-ე ადგილი.q
წყარო: mercer.com