უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის მიღების წესში ცვლილებები შედის. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ განიხილავს.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე.
დღეს არსებული რედაქციით, ოჯახის წევრის ცნებაში მოიაზრება უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, სრულწლოვანი შვილი), მშობელი.
“ამ ჩანაწერის მიხედვით, თეორიულად იქმნება უსასრულოდ ფართო წრე უცხოელებისა, რომელთაც უჩნდებათ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის უფლება. მაგ.: თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის გარდა ჰყავს სრულწლოვანი შვილიც და ეს უკანასკნელი მშობლის მიერ მიღებული ბინადრობის ნებართვის საფუძველზე თავადაც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, თავის მხრივ, იქმნება საფუძველი, რომ ეს უფლება გაუჩნდეს არა მხოლოდ სრულწლოვანი შვილის მეუღლეს და შვილებს, არამედ მეუღლის მშობლებსაც”,– ნათქვამია კანონპროექტში.
ამასთან იგეგმება, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების ნაცვლად, მოხდეს დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობის შემოღება. დღეს არსებული რედაქციით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 წლის ვადით, აღნიშნული ვადის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების შემდეგ კი უცხოელებზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
“თუმცა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხოელებს, მიუხედავად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისა, სურთ საქართველოში 6 წელზე მეტი ხნით დარჩენა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან კანონი არ აძლევს უცხოელს დროებითი ბინადრობის 6 წელზე მეტი ხნის ვადით ფლობის საშუალებას. ასევე, ხშირ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უცხოელის ყოფნის მიზანი არ შეესაბამება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებს. მაგ.: სასწავლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე სწავლის ვადა 12 წლამდე გრძელდება (სამედიცინო ფაკულტეტი) და იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნა 6 წლის შემდეგაც დროებითია და ემსახურება ცოდნის მიღებას სამშობლოში მისი გამოყენების მიზნით, საქართველოსთან იძულებითი გრძელვადიანი ბმა და მუდმივი ბინადრობის აღების ვალდებულება როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად შეუსაბამოა ამ მიზანთან",– ნათქვამია დოკუმენტში.
პროექტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. განმარტებით ბარათში წერია, რომ გამოვლინდა შემთვევები, როცა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირები ფორმალურად მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, ხოლო შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებისთანავე სააგენტოს მიმართავენ ბინადრობის ნებართვის მოპოვების მოთხოვნით.
“შესაბამისად, მიზანშეწონილია თავშესაფრის მაძიებელს ბინადრობის ნებართვის მოპოვების უფლება წარმოეშვას საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ”,– წერია კანონპროექტში.
ასევე, С-კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.
კანონპროექტით, მხოლოდ აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომელთაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება აქვთ.
bm.ge