ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უძველესი "ხიმშურა" აშშ-სა და ევროპაში გაიყიდება - ახალგაზრდა რაჭველი მეწარმე ექსპორტისთვის ემზადება
12 აპრილი, 2021

რაჭული, უძველესი ჯიშის ყურძნებისგან დაწურული ღვინო შესაძლოა, ამერიკაში გაიყიდოს. „ხიმშურას“ შესახებ ახალგაზრდა მეწარმე, ნინო გიორგობიანი საუბრობს, რომელმაც „აწარმოე საქართველოს“ გრანტი მიიღო და წარმოების გაფართოებას გეგმავს. აქამდე მისი წარმოება ტურისტული მარნის სახით მუშაობდა. 

ნინუცა გიორგობიანის განცხადებით, მიღებული გრანტით გეგმავს, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო შექმნას, ადამიანები დაასაქმოს და წარმოებული ღვინო ექსპორტზე გაიტანოს.

გიორგობიანი პანდემიის სირთულეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეთნო-სახლი, რომელიც თავისსავე ეზოში მოაწყო, თითქმის სრულად გაჩერებული იყო, ტურიზმის არარსებობის გამო.

„პანდემიის პერიოდმა საკმაოდ ცუდად ჩაიარა, რადგან აქამდე როგორც ტურისტული მარანი ისე ვფუნქციონირებდით, შესაბამისად, ტურისტების და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩვენი ყოველწლიური მოსავალი არის 5-6 ტონა ყურძენი. გასული წლის მოსავლის სრული რეალიზება ვერ შევძელით, ამიტომ რეზერვული სახით შევინახეთ, დაძველებული სახით გავყიდით რამდენიმე წელიწადში.

მთელი პანდემიის განმავლობაში ვფიქრობდით რაიმე ახალ შესაძლებლობაზე, რაც კარგად მოერგებოდა არსებულ ვითარებას და გადავწყვიტეთ, მოდიფიცირება შეგვეტანა ჩვენს საქმეში. გავაკეთეთ ღვინის საწარმოს პროექტი, რადგან ეს წელი მოსავლიანობის მხრივ ძალიან კარგი იყო. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენი წლევანდელი „ხიმშურა“ ღვინო მზად იქნება გასაყიდად. საწარმოს მშენებლობა დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. უშუალოდ "აწარმოე საქართველოს" გრანტით ვაპირებთ საწარმოს სრული ინვენტარის შეძენას, რაც გათვლილია 12- 15 ტონა ყურძნის გადასამუშავებლად. მიღებული პროდუქტი, ბიოყურძენი გათვლილი იქნება მთლიანად ექსპორტზე“, - ამბობს ნინუცა გიორგობიანი.

მისივე თქმით, „ხიმშურათი“ დაინტერესებულია ამერიკა და ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ასე რომ 2021 წლის ზაფხულიდან ამ მხრივ აქტიური მუშაობა დაიწყება.

„მოლოდინი გვაქვს აქტიური წარმოების და ვფიქრობთ, „ხიმშურა“ ღვინით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. ამის საფუძველს გვაძლევს ჩვენი აქამდე არსებული მომხმარებლები, რომლებიც აქტიურ ბრენდირებულ წარმოებას გვთხოვენ. მომავალში კი ვაპირებთ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას“, - აცხადებს ახალგაზრდა მეწარმე.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.