უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი დაიწყო.
რეაბილიტაციის I ეტაპი ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსის ციტადელის გაწმენდას, ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას გულისხმობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანების გამორიცხვის მიზენით, გალავნის შიდა და მიმდებარე სირცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.

ციტადელი, სადაც გალავნის რამდენიმე მონაკვეთი მორღვეულია, ზოგან კი დანგრეული, ძალოვანი ხარაჩოების მოწყობისა და სათანადო შურფების გაკეთების გზით, გეოლოგიურად გამოიკვლევა.
არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდება. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები მოეწყობა.
ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება. უჯარმის კომპლექსზე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.
უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.

არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან - ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.
www.travelingeorgia.ge